თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გრიფით საიდუმლო მიმდინარე საქმეზე გამოძიების კითხვებს უპასუხა.
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს >>
საქართველოს გენერალური პროკურატურა წინა ხელისუფლების დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანთა მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს იძიებს.
„გამოკითხვის პროცესიდან ახალი არაფერი გამიგია. მე მაქვს ფორმალური ვალდებულება, ვინაიდან საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო და ვერ ვისაუბრებ დეტალებზე. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა... თუ სენსიტიურ საკითხებზე ვისაუბრებთ, რომლებითაც ჩემი მდივნობის დროს უშიშროების საბჭო იყო დაკავებული, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ მიიღებენ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე ეს შესაბამის დოკუმენტებშია ასახული“, - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
დეპუტატის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით გაიმართა. პროკურატურაში მისვლაზე მან უარი განაცხადა.
ბოკერია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. პარტია 2017 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა დააფუძნეს.
1996-2001 წლებში ბოკერია იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების კოორდინატორი, 2001-2004 წლებში - ორგანიზაციის უფროსი იურიდიული მრჩეველი.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, 2008-2019 წლებში - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2010-2013 წლებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.
2016 წელს ბოკერია პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა.