აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე: ორი დაშავებული რეანიმაციაშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვრობის ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთი დამწვრობის განყოფილებაში. მეოთხე დაშავებული ქალბატონია, რომელიც მკურნალობას ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადის

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები თბილისის ორ კლინიკაში მკურნალობენ, იუწყება პირველი არხი.

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავდა 5 ადამიანი >>

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტიდან ორი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო ერთი დამწვრობის განყოფილებაში.

„სამი პაციენტი შემოიყვანეს. ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. იქ მიიღეს დამწვრობა ცეცხლის სახით, ორი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში, ერთი დამწვრობის განყოფილებაში. მიმდინარეობს მკურნალობა, უტარდება აუცილებელი პროცედურები. სამივეს აქვს სახის და ხელების არეში დაზიანება. წინასწარ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტებში შეიძლება იყოს სასუნთქი გზების დაზიანება. კიდევ ერთი პაციენტი რჩება დამწვრობის განყოფილებაში. სამივე პაციენტი შუახნის მამაკაცია“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ექიმმა, გიორგი დავლიანიძემ.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ხანძარი დოლიძის ქუჩაზე - ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა

კიდევ ერთი დაშავებული, შუახნის ქალბატონი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის.

68 წლის ქალბატონს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაესვა და ამ დროისთვის მზადდება ნევროლოგიურ განყოფილებაში გადასაყვანად.

„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილი იქნა ერთი პაციენტი, 68 წლის ქალბატონი, ინტრაკრანიალური ტრავმით, კიდურების ტრავმებით, მცირე ზომის ჭრილობებით, კანქვეშა ჰემატომით შუბლზე. ქალბატონს ჩაუტარდა კვლევები, დაესვა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. მზადდება ნევროლოგიურ განყოფილებაში გადასაყვანად. კლინიკაში დარჩება რამდენიმე დღე“, – აცხადებს ალადაშვილის რეანიმატოლოგი ქეთევან არეკიშვილი.

ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანიდან, რომელიც საწვავის მზიდია, ტერმინალში გადატანის დროს მოხდა გაზის დაგროვება. ადგილზე ყველა სამსახურია მობილიზებული. სულ მალე გვეცოდინება ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა ეს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ყვარელში ხანძრისას დაღუპული 12 წლამდე მოზარდის დედა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა >>

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ხუთი დაშავებულის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0