თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გამართეს.
ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში >>
აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „მიშას მონებო“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს. ამავე სიტყვებით მიმართეს მათ პარტიის წევრ გრიგოლ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს, რომლებიც ქუთაისის ოფისში ბრიფინგის გასამართად ჩავიდნენ. „საქართველო ნაცების გარეშე“, - სკანდირებდნენ მსვლელობისას აქციის მონაწილეები.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიის ოფისთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“ კანონიერი პროტესტის ფარგლებში გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას.
„მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობენ, რომ არაცივილიზებული ქცევისკენ გვიბიძგონ - ვერ მოგართვით! ხომ გახსოვთ ეს გამოთქმა: „ვერ მოგართვით“? არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, გავაგრძელებთ მშვიდობიან, კონსტიტუციის ფარგლებში საპროტესტო მოძრაობას და გავაგრძელებთ ცივილიზებულად არჩევნებისთვის მომზადებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის შენობას, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გიორგი თევდორაძის თქმით, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი და კვერცხებისა და საღებავების სროლის შემდეგ დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, ფაქტის გამოსაძიებლად უკვე მიმართეს სამართალდამცავებს.
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია 29 ნოემბერსაც გაიმართა. მაშინაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. გარდა ამისა, კარზე სიმბოლური ბოქლომი ჩამოკიდეს.
ირმა ინაშვილი: ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში >>
ოპოზიცია 14 ნოემბრიდან ატარებს აქციებს და ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნას აპროტესტებს. მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.