თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს

გამოწერა
სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 ათასი ევროს ოდენობით

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მერიის ინფორმაციით, 15-წლიანი სტრატეგია ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოდელის ხანგრძლივ პერსპექტივაში დანერგვას ითვალისწინებს.

რა ვუყოთ საქართველოში აკრძალული პოლიეთილენის პაკეტების მარაგს?>>

თბილისის მერის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 ათასი ევროს ოდენობით. EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის.

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები.

ნარჩენების გატანა - Sputnik საქართველო
თბილისს ნარჩენების მართვის გეგმა აქვს

„გვინდა, მთელი ქალაქის მასშტაბით დამუშავდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. აქაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ," – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე წლის ივლისში თბილისის საკრებულომ დედაქალაქში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვისთვის მომდევნო ხუთ წელზე გათვლილ დეტალურ ღონისძიებებს განსაზღვრავს.

მოქმედებების გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, ნარჩენების სეპარირებას, სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის მართვის გეგმას, ბიოლოგიური ნარჩენების მართვას და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0