თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართეს ლოზუნგით, „საქართველო არ გაისუსება“, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უსმენდნენ და მომავალშიც მოუსმენენ - სუს-ი აქციებზე მუშაობის უფლებას იცავს >>
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას არ გამოიყენონ ძალა და არ მოხდეს აქტივისტების დაკავება.
„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, სამოქალაქო პროცესი, რომელიც დაწყებულია ქვეყანაში, ხელი არ შეუშალონ და ძალადობაზე არ გადავიდნენ. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სიმბოლურია სუს-ის შენობის წინ, შესაძლებელია, შსს-სთანაც დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები“, - აცხადებს მოძრაობა „გირჩის“ წევრი თენგო კირთაძე.
თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
17 ნოემბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო დაწესებულებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება და პიკეტირება დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს. „დაბოქლომების" მცდელობები, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიუროების კარებზე, დღემდე გრძელდება.