თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ოპერის თეატრის შენობამდე მსვლელობა მოაწყო. ოპერის თეატრთან პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციის დასაწყისში ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს.
თბილისში აგორებულ საპროტესტო ტალღას ბათუმშიც გამოეხმაურნენ>>
პარლამენტის შენობასთან 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეიკრიბნენ. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ. „პატრიოტებმა“ ცალკე აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
„არავის აქვს უფლება, ხალხს თავისუფალი არჩევნები წაართვას. არ შეიძლება, ხალხს პოლიტიკური სპექტაკლები მოუწყო. „ქართული ოცნება არ არის მართალი ხალხის წინაშე. ამიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, დროა შეასრულოს დანაპირები და გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.
„როდესაც გვეუბნებიან, რომ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა – არ გვაინტერესებს? როგორ არ გვაინტერესებს, არჩევნებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. როდესაც 73 ოლქში მაჟორიტარ დეპუტატს შენ აძლევ, უწერ გამარჯვებას, ერთი პარტიის დეპუტატი იმარჯვებს ყველგან, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და ამის წინააღმდეგ ვართ ჩვენ... რასაც ჩვენ ვითხოვთ, ტყუილის და პოლიტიკური სპექტაკლების დამთავრება – ეს არის სამართლიანი მოთხოვნა, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ წამოვიდეს ამ კომპრომისზე“, – განაცხადა ინაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.
შესწორებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და მასშტაბური აქციები დაიწყეს. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა. პარასკევ საღამოს მათ მმართველ პარტიას შესთავაზეს ე. წ. გერმანული მოდელი, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, არ საჭიროებს შესწორებებს კონსტიტუციაში.