თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შსს-ს თანამშრომლები პარლამენტში უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან -აცხადებს უწყება>>
აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვენ. მთავრობის სახლთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ტელეკომპანიის ცნობით, დღესვე აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, პარლამენტში 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კანონპროექტი ჩავარდა – მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა. პარასკევ საღამოს მათ მმართველ პარტიას შესთავაზეს ე. წ. გერმანული მოდელი, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, არ საჭიროებს შესწორებებს კონსტიტუციაში.