თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საპროტესტო ტალღამ, რომელმაც თბილისი ბოლო სამი დღეა მოიცვა, პიკს მიაღწია – ოპოზიცია დედაქალაქის ცენტრში ზედიზედ ორ მასშტაბურ აქციას გამართავს.
პარლამენტის შენობასთან 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეიკრიბებიან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული მარშის“ მომხრეები. აღსანიშნავია, რომ წინა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, რომელიც თბილისს ახსოვს, ამჯერად ეს იქნება აქცია არა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არამედ თანამოაზრეების.
ორივე აქციის მონაწილეები საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. შესწორებები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატების გარკვეული ნაწილის პროტესტის გამო ჩავარდა.
საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შეძლო გაერთიანება, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კუთვნილებისა. ამასთან, თუ ადრე პარტიის ლიდერები კატეგორიულად გამორიცხავდნენ მსგავს კოალიციას, ახლა ოპოზიციონერები ერთობას დემონსტრირებენ.
მოთხოვნები შემდეგია: დროებითი მთავრობის პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელია ერთადერთი კომპრომისი, თუ ოპოზიციური პარტიები ეცდებიან კონსტიტუციაში უმნიშვნელო ცვლილებები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საშუალებით შეიტანონ, პარალელურად კი მთავრობას შესთავაზებენ ე.წ. „არჩევნების გერმანული მოდელს“, რომელიც ითვალისწინებს მაჟორიტარული არჩევნების გამართვას, რომლის შედეგებიც დამოკიდებული იქნება პროპორციული სისტემით კენჭისყრის შედეგებზე. მათი მტკიცებით, ბოლო მოდელი მოითხოვს მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ცვლილებას.
რა დგას საპროტესტო აქციების უკან
პროტესტის ყველა მონაწილისთვის ეს აქციები იქნება ძალის დემონსტრირება და პასუხი მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერით სარგებლობს.
პოლიტიკური პარტიები მობილიზაციას უწევენ მომხრეებს, მათ შორის რეგიონებიდან და პირობას დებენ, რომ პროტესტი კვირას არ დასრულდება, არამედ სხვა ეტაპზე გადავა.ამასთან, ოპოზიცია ღიად აფიშირებს, რომ ტაიმ–აუტი აიღო ურთიერთკრიტიკაზე.
მთავარ მოთხოვნებთან ერთად, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ეს აქცია კარგი შესაძლებლობაა იმის საჩვენებლად, მოსალოდნელ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თუ რამდენად ძლიერი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში.
რაც შეეხება 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტიის საპროტესტოა ქციას, მას სათავეში ახალგაზრდული ორგანიზაციები „სირცხვილია“ და „შეცვალე“ უდგანან, რომელთა ზეწოლით ზაფხულში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა დადო.
მოსალოდნელია, რომ ამ აქციაზე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და საზოგადოების ცნობილი სახეები გამოჩნდებიან.
ხელისუფლების რეაქცია
საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომლის რიგებიც საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ 12–მა ადამიანმა დატოვა.
სხდომის შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების სისტემის ცვლილება მოსალოდნელი არ არის და პარტიებს არჩევნების მზადებისკენ მოუწოდეს.
ამავე დროს, მათ არ გამორიცხეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა, თუმცა, აღნიშნეს, რომ საამისო საფუძველი ჯერ არ არსებობს.
რამდენად შეიცვლება მმართველი პარტიის აზრი ცნობილი აქციების შემდეგ გახდება.
თუ როგორი იქნება დღის დასასრული ამის პროგნოზირებას ვერც ერთი ექსპერტი ვერ შეძლებს – ამ საღამოს ყველაფერი შესაძლებელია: ოპოზიციის განხეთქილებიდან დაწყებული ქუჩის არეულობით ან პროტესტის დასრულებით დამთავრებული.