მშობლის პორტფოლიო: ვისი ბრალია, თუ თქვენი შვილი ისევ „თქვენ კისერზე“ ცხოვრობს

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 97771975დედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს, თუ როგორ უშლის ხელს აღზრდის სტილი ბავშვებს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

რა უშლის ხელს ადამიანს ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში? აღზრდის სტილი – ეს იმ ქცევების, დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების ერთობლიობაა, რომელსაც მშობელი წარმართავს. იგი მნიშვნელოვნად განსაზღრავს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, მის დამოკიდებულებებს გარემომცველი ადამიანებისა და საგნების მიმართ, მისი დამოუკიდებლობის ხარისხს როგორც ბავშვობის პერიოდში ისე ზრდასრულობაში.

შალვა ამონაშვილი - Sputnik საქართველო
„თითის ქნევით აღზრდა აღარ ამართლებს“: ოქროს წესი, რომელიც თანამედროვე მშობლებს დაეხმარება

როგორია გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან?

ყველა ოჯახი ინდივიდუალურია, ყველა მათგანს კონკრეტული წესები, აღზრდის მეთოდები აქვს. პირველი, რაც გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, ეს ის სოციო-კულტურული თავისებურებებია, რომელშიც ის იზრდება. იმ ხალხში, სადაც გადამწყვეტი სიტყვა უმეტესად ასაკით უფროს ადამიანს ეკუთვნის, რთულია ასაკით უმცროსი ადამიანისთვის თავის დამკვიდრება, რომელი გარემოც არ უნდა იყოს ეს – ოჯახი, სამსახური თუ სხვა.

ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი რთულდება მაშინ, როდესაც გარემო, რომელშიც ის იზრდება, ჰიპერმზრუნველია, ავტორიტარული ან ინდიფერენტული.

ჰიპერმზრუნველი გარემო „სიყვარულის სახელით“ ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას. ყველაზე ადრეული გამოვლინება მშობლის  ამგვარი ქცევისა მაშინაა, როცა შვილი სამი წლის ასაკშია და დამოუკიდებლად ცდილობს გააკეთოს ისეთი ქმედება, რომელიც მას აქამდე გამოცდილებაში არ ჰქონია, მაგალითად, დაასხას ჩაიდნიდან ჭიქაში წყალი. მშობელი კი მსგავს ქმედებებს ბლოკავს, გამოართმევს ჩაიდანს ბავშვს და თვითონ დაასხამს, რომ არ დასველდეს. როდესაც მსგავსი შემთხვევები მრავლად მეორდება, ბავშვი ხდება უინიციატივო და სხვაზე დამოკიდებული, რაც ზრდასრულ ასაკამდე მიჰყვება. ამგვარი გამოცდილებები კი ხელს უშლის მას ზრდასრულ ასაკში იფუნქციონიროს როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ.

ცოლ-ქმრის კონფლიქტი  - Sputnik საქართველო
რა გავლენას ახდენს ოჯახური დავები და განქორწინება ბავშვის ფსიქიკაზე – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინდიფერენტული და ავტორიტარული გარემო ორი უკიდურესი პოლუსია. პირველ შემთხვევაში მშობლები ნაკლებ ყურადღებას იჩენენ ბავშვის მიმართ. ემოციური კავშირი მშობლებსა და შვილს შორის არ არსებობს და ისინი არ ინტერესდებიან შვილის ინტერესებითა და ემოციური მდგომარეობით. ავტორიტარული გარემოს შემთხვევაში ბავშვს არ აქვს არჩევანის საშუალება, უგულებელყოფილია მისი ყოველი ინიციატივა და სურვილი. მშობელი უპირობო ავტორიტეტია. ბავშვს არაფერს უხსნიან და ყველაფერი დასჯისა და აკრძალვის გზით მიიღწევა. 

ორივე შემთხვევაში ბავშვი ვერ იღებს შესაბამის გამოცდილებას, რაც მას ზრდასრულ ასაკში დაეხმარება იცხოვროს დამოუკიდებლად, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე; მას აქვს მუდმივი შიში გარემოს შეფასებებისადმი, დამოკიდებულია ავტორიტეტების შეხედულებებზე, არ აქვს ემოციური ურთიერთობების გამოცდილება. შედეგად კი უჭირს იყოს მოტივირებული, გაბედული და ბრძოლისუნარიანი სხვადასხვა სიტუაციებისადმი.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
„შეცდომები მოსულა“, ნუ მოსთხოვთ სრულყოფილებას – როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი

როგორ ხედავს გარემო ბავშვს? 

შვილების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს მშობლების შეუმდგარი ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რამდენად  რეალიზებულია დედა და რამდენად აქვს გადანაწილებული თავისი რესურსები ოჯახსა და კარიერაზე. ქალები, რომლებმაც უარი თქვეს პიროვნულ განვითარებაზე და ცხოვრებისეულ მისიად დაისახეს შვილის მოვლა, ვერ აცნობიერებენ, რამდენად ღრმად იჭრებიან შვილის პიროვნულ საზღვრებში. მიჯაჭვულობა, რომელსაც ისინი შვილების მიმართ განიცდიან, სწორედ იქიდან მოდის, რომ მათ შვილებს აჰკიდეს თავიანთი ყველა ის მოლოდინი, რომელიც უნდა გადაენაწილებინათ სამსახურსა და მეუღლეზე.  როდესაც ბავშვი მშობლის მიერ აღიქმება, როგორც საკუთრება, განუხორციელებელი ოცნებების ასრულების ობიექტი, იდეალი, რომელსაც არ ეპატიება შეცდომა, რომლისგანაც გარემო გამუდმებით მოითხოვს იყოს მორჩილი, უგულებელყოფილია მისი პიროვნული თვისებები, ხასიათობრივი შტრიხები, ინტერესები. ასეთი გავლენები ადამიანს ზრდასრულობამდე მიჰყვება. იგი ვერ გრძნობს პირად საზღვრებს, არ აქვს პირადი სივრცე, ვერ გრძნობს და განიცდის პიროვნულ საზღვრებს, არ იცის მარცხის შემთხვევაში როგორ იმოქმედოს, გამუდმებით საჭიროებს სხვის ზრუნვასა და ზედამხედველობას. მშობელი კი ვერ ამჩნევს, რამდენად უმწეო მდგომარეობაში ამყოფებს მას. ასეთ სიტუაციაში პიროვნება სრულიად მოუმზადებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

ბავშვი შოკოლადის კექსით - Sputnik საქართველო
მშობლის ოთხი ყველაზე ხშირი შეცდომა: თქვენ როგორ იქცევით?

რა როლს ანიჭებს გარემო ბავშვებს?

გარემო, რომელშიც თავისთავად იგულისხმება მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების დამოკიდებულებები, ბავშვს სქესის მიხედვით ანიჭებს როლებს. ამ პროცესში კულტურა და ტრადიცია ერთობლივადაა ჩართული. მაგალითად, გოგონების შემთხვევაში თავიდანვე განსაზღვრულია მისი როლი როგორც ცოლისა და დედის. ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან პირადი სისუფთავის დაცვას, თავის მოვლას, თამაშის დროს წახალისებულია მათი, როგორც დედის როლი, როგორ ზრუნავს ის თავის შვილზე.

ბიჭების შემთხვევაში კი როლი განსაზღვრულია როგორც კაცის, ოჯახის უფროსის, რომელსაც ვიღაცამ უნდა მოუაროს, იზრუნოს, მიულაგოს. მათ არავინ სთხოვს თამაშში გამოავლინონ როგორი მზრუნველი ქმრები ან მამები იქნებიან. გოგონებთან შედარებით პირადი სივრცის ორგანიზებასაც ნაკლებად ასწავლიან და სთხოვენ, რადგან ამ ფუნქციას ჯერ დედა ასრულებს, შემდგომ კი ცოლმა უნდა შეითავსოს. ცნობიერად თუ არაცნობიერად ბიჭებსა და გოგონებზე როლი ნაწილდება ასე: მზრუნველი – გოგო და მზრუნველობის ქვეშ მყოფი – ბიჭი. მსგავსი როლი, ბუნებრივია, ზრდასრულ ასაკამდე მიჰყვება ადამიანს. მამაკაცი გარემოსგან მუდმივად ითხოვს ზრუნვასა და ყურადღებას, ქალი კი მორჩილად ითავსებს და ასრულებს თავის ფუნქციას და თუ იქმნება რამე პრობლემა ამ კუთხით, დამნაშავე გარემოსგან უმეტესად ქალია, რადგან მან სათანადოდ ვერ შეასრულა როლი.

სანოტარო ბიურო - Sputnik საქართველო
თუ მშობელმა ქონება სხვას უანდერძა... იცოდეთ თქვენი უფლებები

მშობლებს შორის ურთიერთობა...

მშობლების შეუმდგარი პირადი ცხოვრება ანგრევს შვილების ურთიერთობებსაც. ხშირია, როდესაც ბავშვის დაბადების შემდგომ მეუღლეებს შორის წარმოიშვება გარკვეული სირთულეები, რადგან ქალები მეუღლის როლს მთლიანად ანაცვლებენ დედის როლით, და როდესაც მეუღლეებს შორის ემოციური კავშირი ირღვევა, გაუცნობიერებლად დედები ბიჭი შვილებისგან ელიან იმ სიმძლავრის უკუკავშირს, რასაც რეალურად მეუღლისგან ითხოვენ. სწორედ ეს ხდება შემდგომ მიზეზი იმისა, რომ ვერ იღებენ შვილის ცოლებს, გაუცნობიერებლად ეჭვიანობენ მათზე და ჰგონიათ, რომ მათი როლი, რომელიც შეუცვლელი უნდა ყოფილიყო შვილის ცხოვრებაში, ვიღაცამ მიითვისა.

რეკომენდაციები:

1. გარემო, რომელიც ბავშვს საშუალებას მისცემს შეემზადოს მომავალი ცხოვრებისათვის, უნდა იყოს მხარდამჭერი. ამის საუკეთესო გამოვლინება დემოკრატიული აღზრდის სტილია, სადაც არსებობს წესებიც, აკრძალვებიც, მაგრამ ბავშვს უსმენენ და იღებენ უპირობო სიყვარულით, უხსნიან, ესაუბრებიან და აფასებენ მათ, როგორც პიროვნებებს;

ბავშვი იყურება ტყვიით გახვრეტილ კედელში - Sputnik საქართველო
დეპრესია ბავშვებში: ისინი არ ამბობენ „მე ვშფოთავ“, ისინი ამბობენ...

2. შვილები არ ითხოვენ თქვენგან სრულ თავგანწირვასა და თქვენი ცხოვრების უარყოფას, თუ თავად არ შესთავაზებთ ამას. ეცადეთ თავად განვითარდეთ არა მხოლოდ როგორც მშობელი, არამედ როგორც ქალი.

3. მკვეთრად გამიჯნეთ მეუღლისა და დედის როლი. ჯანსაღ ოჯახურ გარემოში ორივე როლს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს;

4. დაუტოვეთ შვილებს პირადი სივრცე, იმისათვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობებისა და რესურსების რეალიზება;

5. მიეცით შვილებს უფლება დაუშვან შეცდომები, პასუხი აგონ ამ შეცდომებზე და აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადაწყვეტილებებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0