ბავშვები ყველაზე რეალურად აღიქვამენ ოჯახურ ატმოსფეროს და ოჯახში მიმდინარე პროცესების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დაძაბულობა, ხშირი კონფლიქტები, განქორწინების პროცესი და შემდგომი დავები ყოფილ პარტნიორებს შორის ყველაზე რთულად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. როცა დგება განქორწინების საკითხი, ხშირად არ ხდება ბავშვების ინფორმირება განქორწინების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
უფრო მეტიც, განქორწინების შემდგომ პარტნიორები იმდენად მოცულები არიან ერთმანეთის მიმართ ტკივილის მიყენებით, რომ შვილები ცნობიერად თუ არაცნობიერად ხდებიან ქიშპობის მთავარ იარაღად. ხშირად ეს უთანხმოება ეხება მშობლებს შორის უფლებების გადანაწილებასა და ბავშვის აღზრდის პროცესში რომელიმე მშობლის უპირატესად ჩართულობის საკითხებს. ფაქტობრივად ბავშვები მსგავს გარემოში ოჯახის წევრებისა და მშობლების მხრიდან პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. მნიშვნელოვანია ბავშვები ინფორმირებული იყვნენ მშობლების გადაწყვეტილების შესახებ განქორწინების საკითხებზე, ჰქონდეთ ორივე მშობელთან თანაბარი ურთიერთობის უფლება.
განსაკუთრებით რთულად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე მისი რომელიმე მშობლის აუგად მოხსენიება გარემომცველი ახლობლების მხრიდან, ხშირად ბებია-ბაბუა, ოჯახის ახლო ნათესავებიც კი აქტიურად არიან ჩართული განქორწინების შემდგომი დავის პროცესში და ბავშვების თანდასწრებით ხდება განხილვები და შეფასებები კონფლიქტური საკითხების, რაც რთულად აისახება მოზარდის შემდგომ სრულფასოვან ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. არის შემთხვევები, როცა მშობელი, რომელთანაც ბავშვი იმყოფება, ხშირად უზღუდავს მას მეორე მშობელთან ურთიერთობას, რაც მოზარდს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში მშობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობად და დანაშაულად არის მიჩნეული.
მეორე რთული საკითხია ასევე მშობლები, როლებიც განქორწინების შემდგომ უგულებელყოფენ შვილებს, არც ყოფილ პარტნიორებთან აქვთ ურთიერთობა, არც შვილებთან. მსგავსი სტრესული გამოცდილება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე და აფერხებს მოზარდის სრულფასოვან განვითარებას.
მიუხედავად მშობლების განქორწინებისა, ბავშვის და მოზარდის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა ორივე მშობლის მხრიდან, ორივე მშობლის თანაბარი ზრუნვა და სიყვარული მოზარდის მიმართ, მათი თანაბარი ჩართულობა შვილების აღზრდისა და განვითარების პროცესში, მშობლების დაპირისპირების მიუხედავად ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ურთიერთობა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ბებია–ბაბუასთან და ოჯახის ახლო ნათესავებთან. მშობლები თუ ოჯახის წევრები უნდა მოერიდონ ერთმანეთის შეურაცხყოფას, უთანხმოების განხილვა-შეფასებას შვილების თანდასწრებით.
ბავშვის და მოზარდის ტრავმირების შედეგები:
ოჯახში მიმდინარე კონფლიქტები და შვილების მიმართ პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის ფაქტები ბავშვების ტრავმირებას ახდენს, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება მოზარდის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე – როგორც ემოციურ-ნებელობით სფეროზე, ასევე ქცევით-კოგნიტურ პროცესებზე.
ფიზიკური – სომატური შედეგები: სხეულის დაზიანებები (ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში), ტკივილები მუცლის არეში და საჭმლის მონელების პრობლემები, საკვების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ენურეზი, ენის ბორძიკი ან ტიკები, ხშირი თავის ტკივილები და ა.შ.
ემოციური შედეგები: ადვილად გაღიზიანებადობა, ბრაზიანობა, განშორების და მარტოდ დარჩენის შიში, ფობიები, ბრალეულობის განცდა, გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობა, ყურადღების კონცენტრაციის დაღვევები, სწავლაში ჩამორჩენა და ა.შ.
ქცევითი დარღვევები: ჰიპერაქტიულობა ან პასიურობა, ხშირი ტირილი, იზოლაცია, აუტიზმი, აგრესიულობა, ხშირი კონფლიქტები და ა.შ.
განსაკუთრებული სირთულეები იჩენს თავს მოზარდების შემთხვევაში – სახლიდან გაქცევა, სირთულეები თანატოლებთან ურთერთბაში, ტყუილების თქმა, მიდრეკილება დანაშაულებრივი ქმედებისადმი, ძალადობის გამოყენება თანატოლების მიმართ, იზოლაცია, დაბალი თვითშეფასება, დეპრესიისკენ მიდრეკილება, სუიციდური მცდელობები და ა.შ.
რომელ მშობელთან არის სასურველი ბავშვის ცხოვრება?
განქორწინებული მშობლების შემთხვევაში მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. მთავარია, ბავშვი ცხოვრობდეს უსაფრთხო, მზრუნველ და თბილ გარემოში, სადაც ორივე მშობელს აქვს შესაძლებლობა შვილთან თანაბარი ურთიერთობის. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მშობელთან იზრდება ბავშვი.
შეუთანხმებლობის შემთხვევაში, კანონის თანახმად, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, განსაზღვრავს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელია მშობლები შეთანხმდნენ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ და მათ აღზრდა-განვითარებაში ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობაზე.
წლობით გაგრძელებული ოჯახური დავების უარყოფითი შედეგები
წყვილებს შორის განქორწინების შემდგომი უთანხმოება ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება. როცა პარტნიორებს უჭირთ ურთიერთობის ბოლომდე დასრულება, ხშირად ერთმანეთის ცხოვრებაში ერევიან და ცდილობენ განკარგონ პარტნიორის დამოუკიდებელი ცხოვრება განქორწინების შემდეგაც. „ყოფილი“ პარტნიორის ცნება თითქმის არ არსებობს ასეთ ცნობიერების ადამიანებისთვის, ისინი მუდმივად ძალადობენ ყოფილ მეუღლეებზე და ცდილობენ ბოლომდე აკონტროლონ და განკარგონ მათი ცხოვრება. ისინი ხელმძღვანელობენ საზოგადოებაში და მათ სოციუმში დამკვიდრებული სტერეოტიპული და ირაციონალური შეხედულებებით, რომ განქორწინების შემდგომ (ქალს ან კაცს) არა აქვს უფლება დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვის და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის. ეს კიდევ ამძაფრებს ყოფილი პარტნიორის მხრიდან კონტროლის მექანიზმებს და მათ უპირატეს ძალაუფლებას. არის შემთხვევები, როცა შვილების გამოყენებით ცდილობენ ინფორმაციის მიღებას ყოფილ მეუღლეზე. წლობით გაგრძელებული დაუსრულებელი დაპირისპირება და უთანხმოება ყოფილ პარტნიორებს უქმნის პრობლემებს საკუთარი ცხოვრების სტილის ცვლილებაში და ახალი ურთერთობების დაწყებაში.
მნიშვნელოვანია განქორწინებამდე წყვილმა ბოლომდე გაარკვიოს უთანხმოების მიზეზები, მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, შეთანხმდნენ განქორწინების შემდგომ ურთიერთობებზე და უფლება-მოვალეობებზე. მისცენ ერთმანეთს საშუალება დამოუკიდებლი ცხოვრების და ახალი პირადი ურთიერთობების წარმართვის. მიუხედავად განქორწინებისა მნიშვნელოვანია მოზარდს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ორივე მშობელთან ურთიერთობის.
ოჯახური კონფლიქტები და განქორწინების დაუსრულებელი შემდგომი დავები აფერხებს მოზარდის ჯანსაღ ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ბავშვების „ქიშპობის იარაღად“ გამოყენება და მშობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით მოზარდის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვების განვითარებას.
ყოფილმა პარტნიორებმა აუცილებელია იზრუნონ შვილების სრულფასოვან ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, უზრუნველყონ მათთვის უსაფრთხო თბილი და მზრუნველი გარემო, შეძლონ შვილების ინტერესების ხელშეწყობა, დაცვა და მათ აღზრდა-განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა.
როგორ უნდა მოხდეს მშობლის მიერ შვილის ინფორმირება ახალი პარტნიორის არსებობის შესახებ?
მნიშვნელოვანია შვილმა თავად მშობლებისგან შეიტყოს მათი ცხოვრების ცვლილების და გეგმების შესახებ და არა სხვა პირებისგან. შვილებთან გულახდილი საუბრები და ახსნა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ არის აუცილებელი, რათა თავიდან ავარიდოთ მოზარდის გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმები. ბავშვმა ჯანსაღად უნდა შეაფასოს და აღიქვას მოვლენები. ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორის გაცნობა შვილებისთვის და მათ შორის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.