ოჯახური ძალადობა საქართველოში: ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს?

© Pixabay / Pavlofox ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში ოჯახური ძალადობის 867 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 88,07%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ოჯახური ძალადობის საფუძველზე რვა მკვლელობა მოხდა, აქედან ორი — თბილისში.

ეკატერინე მიქარიძე

სხვისი ოჯახი უღრანი ტყეა, ვერ გაარკვევ, ვინ მართალია და ვინ — მტყუანი. თუმცა ამ ტყის ჩეხვის უფლება — ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით — არავის აქვს ოჯახის წევრთაგან. ძალადობრივი ქმედებებისთვის იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში ოჯახური ძალადობის 867 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 88,07%–ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ოჯახური ძალადობის საფუძველზე რვა მკვლელობა მოხდა, აქედან ორი — თბილისში. 

დანაშაულის აფეთქება 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც წლის განმავლობაში 22 ადამიანი დაიღუპა — ძირითადად, ქალები. პატარა საქართველოსთვის ციფრი მართლაც რომ შთამბეჭდავია. ოღონდ ეგაა, ოჯახური ძალადობის პრობლემის აქტუალიზაცია დღეს, სულაც არ არის დასტური იმისა, რომ ასეთი რამ წარსულში არ ხდებოდა. შესაძლოა პრობლემა ასე მწვავედ არ იდგა, მაგრამ პატრიარქალური წყობის სოციუმში იგი დიდი ხანია არსებობს. 

გაქცევა–დაბრუნება

ამ ისტორიიდან 20 წელი გავიდა, მე კი ყველა დეტალი მახსოვს… ამ ოჯახს ახალ სახლში გადასვლისთანავე დავუმეგობრდით. რიტუალური ყავის სმები, ქალური ჭორაობები, ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებები… ერთი სიტყვით, მეზობლური „ჩასხდომების“ ჟანრის კლასიკა. ახალგაზრდა ოჯახთან ჩვენ ნაწილობრივ ისიც გვაკავშირებდა, რომ ჩვენი ბიჭები ტოლები იყვნენ, მოგვიანებით კი ერთ სკოლაში შევიდნენ და კლასელები გახდნენ. ბიჭის დედასთან დაახლოების კვალდაკვალ, ოჯახის წევრებს შორის არსებული ურთიერთობების წვრილმანებსაც ვიტყობდი. და ეს თანდათან ცვლიდა ჩემს თავდაპირველ შთაბეჭდილებას მათზე. 

ამ პატრიარქალურ ოჯახში რძლის მიმართ უხეშობა და ძალადობა შინაურების ქცევის ჩვეულებრივი ფორმა იყო. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ოჯახში ხელით შეხება სირცხვილად არ მიიჩნეოდა. მარინა ბევრჯერ გაქცეულა სახლიდან სომხეთში, მამის ოჯახში მორიგი სკანდალის შემდეგ. ყველა მისი გაქცევა ერთნაირად მთავრდებოდა: თვალებზე ცრემლმომდგარი ქმარი აკითხავდა და უკან დაბრუნებას ეხვეწებოდა, თანაც პირობას დებდა, კარგად მოვიქცევიო. ამის შემდეგ საქმეში ერთვებოდა მძიმე არტილერია — დედამთილი. დროდადრო ოჯახის შენარჩუნების მთხოვნელთა ქოროს ნათესავების, მეზობლებისა და დაქალების ხმებიც ემატებოდა. ასეთი მასირებული ფსიქოლოგიური შტურმის შემდეგ მარინა ნებდებოდა და თავჩაქინდრული ბრუნდებოდა ოჯახის წიაღში. ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა. 

ოჯახი სადაც 9 ბავშვი იზრდება - Sputnik საქართველო
შსს: ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში თითქმის 90%-ით გაიზარდა.

იმ პერიოდში დღე ორივეს ერთნაირად გვეწყებოდა: მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან ვხვდებოდით და შვილები სკოლაში მიგვყავდა. ზამთრის იმ დილას ისინიც გამოვიდნენ სახლიდან, თუმცა აშკარად არა სკოლაში წასასვლელად. ორივეს საღამურები ეცვათ, ფეხშიშველები და შიშისგან სახეშეშლილები იყვნენ. რის გამო დაიწყო მორიგი კონფლიქტი, მას არ ახსოვდა. უკანასკნელი, რაც მეხსიერებაში შემორჩენოდა — ეს ის იყო, რომ ჩხუბისას ვიღაცის ძლიერი წიხლი მოხვდა, დაეცა და თავი კაფელით მოპირკეთებულ კედელს მიარტყა. მარინა იმ მდგომარეობაში იყო, როცა ადამიანს ცნობიერება უბრუნდება, მაგრამ შინაგანი გადაწყვეტილება მომწიფებას აგვიანებს. საჭიროა ბიძგი, გაწვდილი ხელი, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციაში — საარსებო წყაროსა და პერსპექტივის გარეშე ქუჩაში აღმოჩენილი ქალი დაეყრდნობა. 

გარშემომყოფები ორ ბანაკად დაიყვნენ: ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ყველაფერი, რაც ოჯახში ხდება ღრმად პირადი საკითხია, მეორენი კი საჯაროდ ლანძღავდნენ ოჯახურ მოძალადეებს. მეორე ბანაკი ძალზე მცირარიცხოვანი იყო. მე დიდხანს არ მიფიქრია, დავურეკე მოძალადეს და უხეშად მივახალე, რასაც მასზე ვფიქრობდი. ამის გამო ყველამ — თითქმის ყველამ — გამკიცხა. თავად მოძალადე მეზობელმა კი მომისმინა და მრავალწლიანი ბოიკოტი გამომიცხადა — აღარ მელაპარაკებოდა. 

ამასობაში კი ცხოვრებას მოწესრიგება სჭირდება და კარგია, თუ ასეთ დროს ნათესავები, ახლობლები, დაქალები არსებობენ, რომლებიც კიდეც შეგიფარებენ და კიდეც დაგეხმარებიან. მაგრამ ჩემს მეზობელს, რომელიც სომხეთიდან იყო ჩამოსული, საქართველოში ასეთი არავინ ჰყავდა. და რომც ჰყოლოდა, უხერხული იყო მათი სიკეთითა და თანაგრძნობით გამუდმებით სარგებლობა. მხსნელად მოძალადის ძმა, ანუ მაზლი მოევლინა მარინას. მას ცარიელი ბინა ჰქონდა და ქალს იქ ცხოვრება შესთავაზა. ახლა საქმე საარსებო წყაროს მოძებნაზე იყო. 

მარინას საერთოდ არ გააჩნდა არანაირი პროფესიული უნარ—ჩვევები, მაგრამ ჰქონდა ერთი არაჩვეულებრივი პლუსი — ბრწყინვალე კულინარი გახლდათ. მან ნამცხვრების ცხობა და ჩაბარება დაიწყო. მართალია, ხელგაშლილად ვერ ცხოვროვდნენ, მაგრამ ნამდვილად არ შიმშილობდნენ. დროთა განმავლობაში მოძალადე ქმარიც მოვიდა აზრზე და შვილზე ზრუნვა დაიწყო — ფულით ეხმარებოდა. ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა და მეუღლეები შერიგდნენ, კაცის მშობლები გარდაიცვალნენ, ხოლო ბიჭი დაოჯახდა. 

როცა ამ ამბავს ვიხსენებ, თავად მიკვირს, რომ მაშინ არცერთ ჩვენგანს, ვინც ყველაზე აქტიურად ვმონაწილეობდით მარინას ბედში, თავში აზრადაც არ მოგვსვლია, სამართალდამცველებისთვის მიგვემართა და მოძალადეების დასჯა მოგვეთხოვა. მაგრამ გავიდა მრავალი წელი და საზოგადოება ბევრად წინ წავიდა დემოკრატიული განვითარების კუთხით, გააკეთა რა უზარმაზარი ნახტომი სამართლებრივი გაგებით —  მან საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლა.   

სქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულებს რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევთ

მგზნებარე გრძნობების მეორე მხარე

ნინა სოციალური ქსელით გავიცანი. მისმა ამბავმა, როგორც იტყვიან, ძარღვებში სისხლი გამიყინა. ისინი სუფრასთან შეხვედრიან… უფრო სწორი იქნება, თუ ამას შეჯახებას ვუწოდებთ, ვინაიდან ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადამიანს მაღალი ძაბვის დენი არტყამს და ჰგონია, რომ იმ ერთადერთს შეხვდა. 

ერთი სიტყვით, ნინამ თავი დაკარგა, ქმარი მიატოვა და ახალ სიყვარულს გაეკიდა. ახალი ურთიერთობა სწორედ ისეთი იყო, როგორზეც ყველა ქალი ოცნებობს: სანთლების შუქზე სიყვარულის ახსნა, სერენადები ფანჯრის ქვეშ, სპონტანური მოგზაურობები და გიჟური სიყვარულის სხვა შემადგენლები. ურთიერთობის მეორე მხარეს თავი მაშინვე არ უჩენია. ნინამ ჯერ ის შეიტყო, რომ მისი ახალი რჩეული ნარკომანი იყო, მერე კი ისიც, რომ ლოთობდა კიდეც. ყველაფერ ამასთან ერთად, დროდადრო დეპრესიებიც ემართებოდა. მასთან ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა. 

ნინამ ტიტანური ძალისხმევა გამოიჩინა, რომ კაცი ნარკოტიკებს შეშვებოდა და ალკოჰოლისთვისაც დაენებებინა თავი. წავიდოდა მისგან, მიატოვებდა, კაცი პატიებას თხოვდა და უკან აბრუნებდა. მერე კაცმა დეპრესიაზე მკურნალობა გადაწყვიტა და ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო, რომელთანაც რომანი გააბა. ამის პარალელურად კი, როგორც თავად აღიარებდა, უყვარდა და ეჭვიანობდა ნინაზე. 

ეჭვიანობის მორიგი შეტევისას კაცმა ნინას მთელი ძალით ჩააზილა მუცელში წიხლი. მოძალადე იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ქალი ორსულად იყო და დიდი ხნის ნანატრი ბავშვის დაბადებას ელოდა. ამ ანგარიშსწორების შემდეგ ნინას მუცელი მოეშალა და სწორედ ეს იქცა დასასრულის დასაწყისად. მან კაცის საბოლოოდ მიტოვება გადაწყვიტა და აი აქ დაიწყო, თუ დაიწყო. ქმარი შტურმით იღებდა მას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ერთხელ სახლში სხვენიდან ჩავიდა — სიმაღლე მისთვის პრობლემა არ იყო, ის პროფესიონალი ალპინისტი გახლდათ. ღამე იყო. ნინა ხმაურმა გააღვიძა და დაინახა, როგორ კითხულობდა კაცი მის სატელეფონო შეტყობინებებს. განმეორდა ჩვეული სიტუაცია — ეჭვიანობის სცენა და იერიში. კაცი ეცა ნინას და დახრჩობა დაუწყო. 

იმ ღამეს ნინა შიშით იხსენებს, იმიტომ რომ სიკვდილს ერთი ნაბიჯიღა აშორებდა და მხოლოდ რაღაც სასწაულმა იხსნა. მან მტკიცედ გადაწყვიტა ქმრის დასჯა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით აღიძრა (ოჯახური ძალადობა), რომელიც სასჯელად 40–დან 150 საათამდე გამოსასწორებელ სამუშაოებს, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლში ცვლილებები შეიტანა, რითაც ოჯახში ძალადობის გამო სასჯელი გამკაცრდა. წინასწარგანზრახვით ორსული ქალის, არასრულწლოვანის ან უმწეო ადამიანის მიმართ, ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან ორი და მეტი პირის მიერ ამგვარი დანაშაულის ჩადენა ისჯება: 200–დან 400 საათამდე საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ან 1–დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.  

თუმცა ჩვენმა „გმირმა“ მოძალადემ თავის დახსნა მსუბუქი შეშინებით შეძლო. სხვის საცხოვრებელში შეჭრისა (ნინა იმ პერიოდში დედასთან ცხოვრობდა) და მკვლელობის მცდელობის გამო (სწორედ ასეთ კვალიფიკაციას აძლევდა ნინა ქმრის ქმედებას) მოძალადეს 150 საათით გამოსასწორებელი მუშაობა მიუსაჯეს, გადააკვალიფიცირეს რა მისი ქმედება ჯანმრთელობისთვის წინასწარ განზრახვით მსუბუქი დაზიანების მიყენებად. 

მარტივად რომ ვთქვათ, მოძალადე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯებოდა კანონის მთელი სიმკაცრით, თუ ნინა შეძლებდა და დაამტკიცებდა, რომ ქმარი მასზე ცხრა წლის მანძილზე გამუდმებით ძალადობდა, ან თუ ყოფილი ქმრის მცდელობა წარმატებით, ანუ ლეტალურად დასრულდებოდა. 

უნდა ითქვას, რომ ექსცენტრულ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ყოფილ ქმართან შეხვედრის შიშით, ნინა, უკვე მერამდენე თვეა, მომთაბარე ცხოვრებას ეწევა  — ხან მეგობრებთან ცხოვრობს, ხან ნათესავებთან, ხან მონასტერში. სასოწარკვეთილმა ნინამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელსაც“ მიმართა, რომელიც, სხვა ასეთი ორგანიზაციების მსგავსად, ძალადობის მსხვერპლთ თავშესაფარს სთავაზობენ. 

ძალუძთ თუ არა არასამთავრობოებსა და სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლთა დაცვა?

დროებით თავშესაფარში ცხოვრების ნებართვის მისაღებად ქალმა აუცილებლად უნდა მიიღოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. თავშესაფრის გარდა, ცენტრი მას იურისტების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების მომსახურებითაც უზრუნველყოფს.  

„ამ ეტაპზე თავშესაფარში 14 ადამიანი გვყავს“, — ამბობს ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ იურისტი მანანა ფურცხვანიძე. „აქ მოხვედრი მსურველი განუზომლად მეტია. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და დიდი შესაძლებლობები არ გვაქვს. მიუხედავად პროექტისა, რომელიც ჩვენს თავშესაფარში 12 ადამიანის ცხოვრებას ითვალისწინებს, ამ ოთხოთახიან ბინაში 17 და 18 ქალიც კი გვყოლია ერთდროულად. საჭიროების შემთხვევაში გასაშლელ საწოლებს ვიყენებთ, ოღონდაც ადამიანებს დროებითი საცხოვრებელი ჰქონდეთ. სახელმწიფო თავშესაფარში გაცილებით უკეთესი პირობებია. ერთ ოჯახზე ერთი ოთახია გამოყოფილი და ბევრად უფრო კომფორტულიც. თუმცა იქ მოხვედრა უფრო რთულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სტატუსის მიღება მეტ სიძნელეებს უკავშირდება. ანკეტის შევსების შემდეგ კანდიდატი ფსიქოლოგთან გასაუბრებას გადის, რომელმაც უნდა დადოს საკუთარი დასკვნა. ამას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ამის შემდეგ დასკვნა იგზავნება საბჭოზე, რომელიც აფასებს, რამდენად იმსახურებს ესა თუ ის კანდიდატი დახმარებას. ამას დამატებითი დრო სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი ბევრად მარტივადაა. ისეც მომხდარა, რომ კარი გაღებულა და ბავშვიანი, ჩანთებაკიდებული ქალი დაგვდგომია თავს, რომელსაც წასასვლელი არსად ჰქონია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საბუთების წინასწარ შემოწმების გარეშე მიგვიღია ასეთები. სწორედ ცოტა ხნის წინ მოხდა ასე და ჩვენ არ დაგვიწყია ამ კონკრეტული შემთხვევის შესწავლა, ვინაიდან ძალადობის ფაქტი სახეზე იყო“. 

უნდა ითქვას, რომ, რა სერვისებსაც არ უნდა გვთავაზობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო, ეს ყველაფერი მაინც დროებითი ხასიათისაა. ძალადობის მსხვერპლნი თავშესაფარში სამი თვის განმავლობაში ცხოვრობენ, ვადის ამოწურვის შემდეგ კი მიდიან, თუ წასასვლელი აქვთ სადმე, და ახალ ცხოვრებას იწყებენ. 

მიამიტობაა ვარაუდი, რომ თითქოს მოძალადეები სამ თვეში აცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს და სწორ გზას ადგებიან. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი საჯარო ხდება, მოძალადეები ტაქტიკას ცვლიან და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადადიან. პრობლემა, ბუნებრივია, სიმძაფრეს კარგავს, მაგრამ არ ქრება. ძალადობის ობიექტის რეაბილიტაციის პროცესში ორგანიზაციის სოციალური მუშაკები, რაღა თქმა უნდა, მუშაობენ მოძალადე პირებთან და მათთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ. 

უფრო მეტიც, ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი რეაბილიტაციის კურსის სავალდებულო გავლის შესახებ. როგორც იტყვიან, თუ არ შეგიძლია, გასწავლით, თუ არ გინდა — გაიძულებთ. თუმცა ინიციატივის ეფექტურობაზე საუბარი ჯერჯერობით ისევე ნაადრევია, როგორც ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებში დაბრუნების უსაფრთხოებაზე. ბევრი მსხვერპლი ხომ წლების მანძილზე ითმენს დამცირებასა და შეურაცხყოფას არა იმიტომ, რომ სახლიდან ხმის გასვლას, ან საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას უფრთხის, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვს… 


ყველა ახალი ამბავი
0