„შეცდომები მოსულა“, ნუ მოსთხოვთ სრულყოფილებას – როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი

CC0 / Pixabay / დედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე.

ნებისმიერი მშობლის პასუხი კითხვაზე – რა გსურთ შვილებისთვის – არის: მათი კეთილდღეობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო.

რას ნიშნავს შვილების კეთილდღეობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო? ჯანსაღი საკვები, კარგი ტანსაცმელი, წარმატებული მომავალი, კარგი განათლება და ა.შ. ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

როგორი აღზრდის სტილს იყენებენ მშობლები შვილებთან? როგორი მშობელი ხართ?

1. ავტორიტარი, რომელიც გამუდმებით აკონტროლებს და ზღუდავს შვილის პირად საზღვრებს?

2. დემოკრატი, რომელიც ანგარიშს უწევს შვილის სურვილებს და აღიქვამს მას როგორც პიროვნებას?

3. ლიბერალი, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს შვილს და არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს მას?

4. ინდიფერენტული, რომლისთვისაც სულ ერთია რას აკეთებს თქვენი შვილი და ცივად ექცევით მას?

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები მშობლების საშუალებით იწყებენ სამყაროს გაცნობასა და მასზე მორგებას, მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც დედის ან მამის დამოკიდებულება მათ მიმართ, ხედვა, ურთიერთობის ფორმა, შეხედულებები, ბავშვის კეთილდღება. ბედნიერება ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ დემოკრატიული აღზრდის სტილის შემთხვევაშია შესაძლებელი. მაშინ, როცა ბავშვს აქვს ქცევის საზღვრები, წესებით რეგულირებული გარემო, პასუხისმგებლობები, გათვალისწინებულია მისი სურვილები და საჭიროებები, არსებობს მჭიდრო, პოზიტიური, ემოციური კავშირი ორივე მშობელთან. ერთი სიტყვით, ეს ოქროს შუალედია, რომელიც ხშირ შემთხვევაში რთული მისაღწევია.

რა ფაქტორები განაპირობებს შვილის ბედნიერებას ფიზიკური და მატერიალური სიკეთეების გარდა და რა იგულისხმება დემოკრატიული აღზრდის სტილში?

რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პირველი და მთავარი – ეს არის თქვენი, როგორც მშობლის ბედნიერება. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ შვილების ემოციური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია დედის ემოციურ მდგომარეობასთან. ქცევითი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის ადაპტაციასთან გარემოსთან, გამოწვეულია მშობლის დეპრესიით, მძიმე ემოციური მდგომარეობით.

ბედნიერი მშობელი ბედნიერ ბავშვს ნიშნავს. თუ თქვენთვის მშობლობა მძიმე ტვირთია, ის შვილებისთვისაც რთული გადასატანია. არ არის აუცილებელი იყოთ შვილებსა და ოჯახზე შეწირული მშობელი, გარკვეული დოზით საკუთარ თავზე ზრუნვა თქვენი შვილებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი საჭიროებების უზრუნველყოფა.

დაეხმარეთ შვილებს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში

გისაუბრიათ ოდესმე შვილებთან როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობები თანატოლებთან? როგორ მოიქცნენ მათთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი მორცხვია და კომუნიკაციის სირთულეები აქვს?.. თუ ბავშვი ბაღის ასაკისაა, კარგია თუ მოდელირებით დაანახებთ როგორ გაიცნოს თანატოლი. ითამაშეთ მათთან ერთად გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ თქვენ მოგეჯაჭვოთ და დამოუკიდებლად ვერ შეძლოს ურთიერთობის წამოწყება, ასეთ დროსაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერა დაანახოთ, შეაქოთ, ემოციური მხარდაჭერა აგრძნობინოთ. მოზრდილ ასაკშიც მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებები, ამ შემთხვევაში პირადი გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა – საუბარი გამოცდილებებზე შვილთან, როგორც მეგობართან.

ღიმილი

გაღიმებული მშობლები ბავშვისთვის ბედნიერების მთავარი კომპონენტია. როცა შვილი ხედავს, რომ დედა და მამა ხშირად იღიმიან და მათ ურთიერთობაში სიყვარულია, არსებულ ემოციას ის სარკესავით ირეკლავს და თქვენთან ერთად ისიც სიხარულს განიცდის.

ელოდეთ შეცდომებს და არა სრულყოფილებას

მშობლებისთვის რთულია იმასთან შეგუება, რომ შვილი შეცდომას უშვებს. თუმცა, საინტერესოა, თუ არ დაუშვებს შეცდომას, როგორ უნდა მიხვდეს რა არის სწორი? გახსოვდეთ, რომ ყველა შეცდომა, დაშვებული თუნდაც ტესტებში, ურთიერთობებში, ყოველი მარცხი მისთვის წარმატების გზაზე ერთგვარი ბონუსებია. ნუ მოსთხოვთ სრულყოფილებას მათ, რადგან თქვენც არაერთ შეცდომას უშვებთ და ამ შეცდომებს საკუთარ თავს ძალიან მარტივად პატიობთ – „შეცდომები მოსულა“.

ასწავლეთ ოპტიმიზმი

ოპტიმიზმი ჩვენ გონებას დადებითი ფიქრებისკენ წარმართავს. ასეა ბავშვების შემთხვევაშიც. თქვენი მხრიდან იმაზე ზრუნვა, რომ სამყარო ძალიან ბევრი პოზიტივით არის აღსავსე ნეგატიურთან ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თვენი შვილების მოტივირებას – იყონ ბედნიერები და იფიქრონ უფრო ნათელ ფერებში. ასეთი მიდგომა მათ განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ეხმარებათ, მაშინ, როცა მათი აღქმით სამყარო ისედაც რთულდება და მძიმდება.

ასწავლეთ საკუთარ ემოციებთან ურთიერთობა. ემოციების კონტროლი როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია. ამისათვის კი აუცილებელია ჯერ თქვენ იმუშაოთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, დააკვირდეთ საკუთარ თავს და შეიგრძნოთ რას განიცდით, როცა რამე გიხარიათ, ან გწყინთ, ან როცა ბრაზობთ. პარალელურად მიეცით შვილებს საშუალება პატარა ასაკიდანვე გაიცნონ თავიანთი ემოციები, გაიაზრონ, მიეცით საშუალება ისაუბრონ თავიანთ განცდებზე, იმედგაცრუებაზე, სიხარულზე. ეს მათ საშუალებსა მისცემს, გათავისუფლდნენ ნეგატიური განცდებისაგან და უფრო მკვეთრად შეიგრძნონ პოზიტიური ემოციები.

ერთად გატარებული დრო

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ყველაზე მეტად აკლიათ ბავშვებს და რომელიც აუნაზღაურებელი დანაკლისია ყოველთვის. დაგეგმეთ ერთობლივი აქტივობები, პიკნიკი, ექსკურსია, ლაშქრობა, სადაც მხოლოდ თქვენ და თქვენი შვილები იქნებით. ერთად გაერთეთ, ითამაშეთ, გახდით მათი ასაკის იმისათვის, რომ ნდობა მოიპოვოთ, ბედნიერები იყვნენ და გრძნობდნენ მშობლების თანადგომას.

შვილების კეთილდღეობა და ბედნიერება ყველაზე მეტად დამოკიდებულია მათ მიმართ თქვენ დამოკიდებულებებზე, ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების ხარისხზე. იყავით მშობელი, რომელიც ზრუნავს, რომელსაც ესმის, მხარს უჭერს და რომელსაც შეუძლია გახდეს ზოგჯერ იმ ასაკის, რა ასაკისაც მისი შვილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0