თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პირველი ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის ახალი პროცედურები მკვიდრდება - შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის როგორც უცხოეთში, ისე სამშობლოში დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას და მიიღოს მათგან ცნობა, რომელიც ადასტურებს საჩივრის შეტანას პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ.
თუ პასპორტი უცხოეთში დაკარგა მოქალაქემ, მან უნდა მიმართოს საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს; თუ საქართველოში - ცნობას საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ცნობას არ სჭირდება აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია.
მას შემდეგ, რაც მოქალაქე სათანადო დოკუმენტებს წარადგენს, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ ან მოპარულ პასპორტს, ინფორმაციას ამის შესახებ გადასცემს ინტერპოლს და მოქალაქეს ახალ პასპორტს მისცემს.
ახალი რეგულაციები არ გავრცელდება მოქალაქეების 1 ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.
ახალი წესები საქართველოს მოქალაქეებს, დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, დაიცავს მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან.
ახალი რეგულაციები ასევე მიმართულია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებაზე, რომელსაც სერიოზული ზარალი შეიძლება მიაყენოს საქართველოს მოქალაქეების ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით გადაადგილებამ ან საზღვრის სხვისი პასპორტით გადაკვეთამ.
არღვევთ თუ არა უვიზო რეჟიმს? მობილური აპლიკაცია ევროკავშირში ყოფნას გააკონტროლებს>>
საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მოკლევადიანი მგზავრობის უფლება შენგენის ზონის ქვეყნებში 2017 წლის მარტიდან მიიღეს.