სანდო ქვეყნის იმიჯი, პოზიტიური პროგნოზი და გაურკვეველი მოლოდინი...

© photo: Sputnik / SPUTNIK / LEVAN AVLABRELIთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარგი რეიტინგი სანდო ქვეყნის იმიჯი და პოზიტიური მომავლის გზავნილიც არის. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება ეს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ქვეყანაში, სადაც ცხოვრება თვიდან თვემდე ძვირდება, წლებია ეროვნული ვალუტა უფასურდება, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა სიღატაკესა და უმუშევრობას უჩივის?!.

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა. თუმცა, ვისთვის როგორ... ერთი სიტყვით, ორიოდე თვის წინ, აგვისტოს შუა რიცხვებში ვწერდი, რომ საქართველო სანდო მოვალეა. აქვე დავძენ, ეს მხოლოდ ჩემეული დასკვნა არ იყო და ის ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის გადაწყვეტილებას ეყრდნობოდა. საფინანსო-ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ ჩვენს მკითხველს, იმედია, ემახსოვრება, რომ გავლენიანმა სარეიტინგო კომპანიამ ანგარიში გამოაქვეყნა და ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი დადებითად შეაფასა. როგორც იმთავითვე ითქვა, ეს პოზიტიური გზავნილია როგორც არსებული, ისე პოტენციური კრედიტორებისთვის. გამოხდა ხანი და მსოფლიო ბიზნეს-თანამეგობრობამ კიდევ ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან მიიღო შეტყობინება, რომ საქართველო კრედიტორებთან თავს არ შეირცხვენს... 

თბილისი - Sputnik საქართველო
რა იცვლება შენების წესებში... გამარტივდება თუ არა რეგულაციები?

კომპანია Standart&Poor’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB–“-დან ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა. საგულისხმოა, რომ 2011 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის საკრედიტო მაჩვენებელი პირველად გაუმჯობესდა. საკითხში გაუთვითცნობიერებელ მკითხველს უნდა მოვახსენო, რომ საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრით კომპანია აფასებს სახელმწიფოს კრედიტუნარიანობას, მის მიერ ვალის დაბრუნების უნარს. საკრედიტო რეიტინგები გამოითვლება სუბიექტის წარსული და მიმდინარე ფინანსური ისტორიის, ასევე მისი ქონებისა და ფინანსური ვალდებულებების, მათ შორის, დავალიანების შეფასების საფუძველზე. რეიტინგის ძირითადი მიზანია − პოტენციური კრედიტორების ინფორმირება, თუ როგორ და, სავარაუდოდ, რა ვადაში მოახერხებს სახელმწიფო ფინანსური ვალდებულების მომსახურებას. ერთი სიტყვით, საკრედიტო რეიტინგი მოვალის მიერ ვალის დაფარვის უნარს წარმოაჩენს. დღეს მსოფლიოში ასზე მეტი სარეიტინგო სააგენტოა, მაგრამ საერთაშორისო ბაზრის 95%-ს მხოლოდ სამი კომპანია აკონტროლებს. მათ შორის არის კომპანია Standart&Poor’s, რომლის ისტორიაც 1860 წლიდან იწყება და ის 6300 თანამშრომელს აერთიანებს... მკითხველის ყურადღებას სარეიტინგო სააგენტოს შეფასების მხოლოდ პირველ სამ კატეგორიაზე გავამახვილებ. 

Игровые автоматы в казино - Sputnik საქართველო
საოცრებათა ქვეყანა... სიღარიბე და თამაშში „მოგებული“ ცხოვრება

„AAA“ − ყველაზე მაღალი რეიტინგია და ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღებულ ფინანსურ დავალიანებას დროულად და სრულად ფარავს. „BBB“ − შეფასება ფინანსური დავალიანების დროულად და სრულად დაფარვის საკმარის შესაძლებლობას გულისხმობს, მაგრამ მას კომერციული, ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით არახელსაყრელი ცვლილებების მიმართ მაღალი მგრძნობელობა ახასიათებს. „CCC“ – მიანიშნებს, რომ კონკრეტული მომენტისთვის არის პოტენციური ალბათობა, რომ დებიტორი ფინანსურ ვალდებულებას ვერ დაფარავს და ეს მნიშვნელოვანწილად ხელსაყრელ ფინანსურ და ეკონომიკურ პირობებზე არის დამოკიდებული.

იმედია, მკითხველი საკითხში მეტ-ნაკლებად გაერკვა და ახლა თამამად შეგვიძლია Standart&Poor’s-ის ანგარიშს დავუბრუნდეთ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. 2015-2018 წლებში ის საშუალოდ 4%-იან ნიშნულზე იყო. მიმდინარე წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას კომპანია 4,5%-ის ფარგლებში ვარაუდობს. 2019-2022 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 4% იქნება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელს 4300 ამერიკული დოლარის ნიშნულზეა, რაც დაბალი მაჩვენებელია. კომპანიის პროგნოზით, მომავალი წლისთვის ის 5000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდება. სარეიტინგო კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ შედარებით დაბალ ნიშნულზე დარჩება და 2022 წლისთვის 43%-ს არ გადააჭარბებს. ანგარიშში საუბარია ექსპორტზეც, მათ შორის ევროკავშირში, სადაც პროდუქციის მიწოდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ 30%-ით გაიზარდა. სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ მომავალში მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რეგიონის ქვეყნებში – თურქეთსა და რუსეთში ვალუტის მერყეობა ქართული ეკონომიკისთვის შესაძლო რისკებს შორის არის დასახელებული. ეს არის ძირითადი გზავნილი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?

დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე თბილისში ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს. ხელისუფლების, ძირითადად, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ დაუმალავთ კმაყოფილება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციური გარემოს სიჯანსაღით გამოკვეთილი ლიდერია და მაშინ, როცა, რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო იკვეთება რეიტინგების შემცირების ტენდენცია, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში. მაჭავარიანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სააგენტო მიესალმება რეფორმებს, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორისაა განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. ფინანსთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სააგენტოს შეფასებით საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საინვესტიციო გარემოს ყველაზე კარგი ინდიკატორი სწორედ საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. შესაბამისად, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება, რაშიც, კობა გვენეტაძის შეფასებით, მთავრობასთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი ეროვნულმა ბანკმაც შეიტანა. მთავარი ბანკირი მიანიშნებს, რომ სარეიტინგო კომპანია ეროვნული ბანკისგან სავალუტო რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება. ეს ხელს შეუწყობს საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შემცირებას. 

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

მთავრობის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიტიური შეფასება ბუნებრივია და გასაკვირი არ არის. საინტერესოა რას ამბობენ ექსპერტ-ანალიტიკოსები, როგორია მათი პოზიცია? ამთავითვე უნდა ითქვას, მათი უმრავლესობა სრულად იზიარებს სახელისუფლებო შეფასებების პათოსს. როგორც ანალიტიკოსი იოსებ არჩვაძე აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო დასკვნებს სისტემური შედეგების ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე აკეთებს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია Standart&Poor’s-ის შეფასება ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების შედეგია. ანალიტიკოსების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო სააგენტო დადებითად აფასებს არა მხოლოდ ქვეყნის ამჟამინდელი განვითარების შედეგებს, არამედ ოპტიმისტურად უყურებს მის მომავალს. ექსპერტი ლაშა ქავთარაძე ვარაუდობს, რომ საქართველოს აქტიურ საინვესტიციო ფაზაში გადასასვლელად ნაკლები დრო დასჭირდება.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე კი გვარწმუნებს, რომ რეიტინგის გაუმჯობესება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს. მისი თქმით, ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის შეფასება მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის ნარატივს „წარუმატებელ რეფორმებზე, სამართლებრივ ბაკქანალიაზე, გაჩერებულ ეკონომიკასა და ქვეყანაში შექმნილ ჭაობზე“. ანალიტიკოსის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ სარეიტინგო სააგენტო პრაქტიკულად იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიან პროგნოზს, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება.

ერთი სიტყვით, კარგი რეიტინგი სანდო ქვეყნის იმიჯი და პოზიტიური მომავლის გზავნილიც არის. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება ეს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრება თვიდან თვემდე ძვირდება, ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ვალუტა უფასურდება, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა სიღატაკესა და უმუშევრობას უჩივის? ვიყოთ კითხვაზე პასუხის მოლოდინში, სხვა რა გზა გვაქვს? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. აი, ამ კითხვაზე პასუხი ჩვენი გასაცემია და არავის სხვისი...    

ყველა ახალი ამბავი
0