საოცრებათა ქვეყანა... სიღარიბე და თამაშში „მოგებული“ ცხოვრება

© Pixabay / Stokpicსამორინე
სამორინე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუდომანების "პერსპექტივა"... აზარტში გაცვლილი ცხოვრება და გახშირებული სუიციდი... სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პასუხისმგებლობა...

სამსონ ხონელი

პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენებურების ქმედება ეწინააღმდეგება ხოლმე ლოგიკას... „თქვა რუქამ არაკი...“, − უეჭველი ბრძანებს მკითხველი და დაინტერესდება, ამჯერად რომელ ერთ არაბუნებრივ და საღ აზრს აცდენილ მოვლენაზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას.

რა გაეწყობა, ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ. ჭარბი სუბიექტივიზმი რომ არ დამბრალდეს, ნათქვამის დასტურად ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებ. ამთავითვე მოგახსენებთ, საკითხი არახალია. დამეთანხმება მკითხველი, ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი დროების გაუსაძლის ყოფაზე. ვამბობთ, რომ თვიდან თვემდე ცხოვრება ძვირდება და სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება; ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით ვითარდება და შედეგად არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იზრდება სახელმწიფოს საგარეო ვალი; ლარი კი ფსკერზე ეშვება...

კაზინო - Sputnik საქართველო
სუიციდზე აგებული ბიზნესი: დაიცავით თქვენი შვილები აზარტული თამაშებისგან

სხვადასხვა უწყებათა ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის მეხუთედი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე კი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მთავარ გამოწვევად სწორედ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს... ვიცით, არახალია − იტყვის მკითხველი და მართალიც იქნება. მე კი საპასუხოდ მოგახსენებთ, რომ ამ ვითარებაში წლიდან წლამდე ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი სათამაშო ბიზნესში ილექება...

ერთობა ხალხი და თამაშს, ფულის იოლად შოვნის მცდელობას ეწირება ცხოვრების საუკეთესო წლები, უძრავ-მოძრავი ქონება, ადამიანური ურთიერთობები და, არცთუ იშვიათად, სიცოცხლეც...

მრავალი წელია, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა და, შესაბამისად, მოგებაც რეკორდულად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა. დაინტერესებულ მკითხველს აქვე შეუძლია კონკრეტული ციფრები იხილოს.

© photo: Sputnikბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა
საოცრებათა ქვეყანა... სიღარიბე და თამაშში „მოგებული“ ცხოვრება - Sputnik საქართველო
ბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის ორასჯერ გაიზარდა

მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 5.06 მილიარდი ლარიდან 13.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ აზარტული თამაშები ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. პარადოქსია, მაგრამ სათამაშო ბიზნესი უსწრებს მშენებლობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკას...

კიდევ ერთი, საინტერესო და ნიშანდობლივი დეტალი: გასულ წელს ბიზნეს-სექტორის მთლიან ბრუნვაში სათამაშო ბიზნესის წილი, არც მეტი და არც ნაკლები, 16 პროცენტს შეადგენდა. წილობრივად სათამაშო ბიზნესი მეორე პოზიციაზე იყო, ის მხოლოდ ვაჭრობის დარგს ჩამორჩა, რომლის წილმაც 43.2 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, რამდენიმე წელია, სათამაშო ბიზნესი ახალ და ახალ მწვერვალებს იპყრობს და ისეთი პირი უჩანს, უახლოეს მომავალშიც არ დათმობს ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას.

ბანქო - Sputnik საქართველო
აფბა აზარტული თამაშების რეგულირებას მოითხოვს

საინტერესოა, რამ განაპირობა სათამაშო ბიზნესის წარმატება ქვეყანაში, სადაც მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ელემენტარული ყოფითი პრობლემების მოგვარება? ექსპერტები აცხადებენ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის ზრდის მიზეზები კომპლექსურია და, შესაბამისად, საკითხისადმი მიდგომაც დიფერენცირებული უნდა იყოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გუგა ბესელია ამბობს, ერთი ფაქტორი სიღარიბეა. მისივე თქმით, საერთაშორისო ლუდომანიის საბჭოს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი, სტაბილური ქვეყნებისგან განსხვავებით, მყარად იკიდებს ფეხს იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბეა. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და სათამაშო ბიზნესი ყვავის. გაახარებს ღმერთი, აბა რა, სიდუხჭირესაც უნდა ჰქონდეს ხიბლი. გუგა ბესელია აქვე აღნიშნავს, რომ საყურადღებო მიზეზია საზოგადოების ცნობიერება და განათლება. ამ კუთხით ინფორმაციული ვაკუუმია. ნარკომანიის შემთხვევაში ინფორმაცია გვაქვს, არსებობს ჩანაცვლების პროგრამები, ლუდომანებთან დაკავშირებით კი არც ინფორმაცია გვაქვს და სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობასაც განვიცდით.

„კიდევ ერთი ფაქტორი კი ის აგრესული მარკეტინგული კამპანიაა, რომელსაც სათამაშო ბიზნესი აწარმოებს. ფაქტობრივად, ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ სათამაშო ბიზნესი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს. შედეგად, დღეს სადაც გაიხედავ, ყველგან სათამაშო სექტორის რეკლამაა“, − აცხადებს გუგა ბესელია და დასძენს, რომ პრობლემად რჩება სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული მიზერული საკანონმდებლო ბაზა. მისი შეფასებით, მცირე შეზღუდვები არსებობს და რეალურად მათი აღსრულებაც კი არ ხდება. „და, ბოლოს, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ყველა მეორეს სმარტფონში აქვს გახსნილი ონლაინ-სამორინე, მაგრამ დიდი პრობლემაა ამ სმარტფონებს მიღმა არსებული სამორინეების ადვილი ხელმისაწვდომობა“, − აცხადებს გუგა ბესელია.  

კაზინო - Sputnik საქართველო
სათამაშო ბიზნესის „ყვითელი“ მაისური და ქართული ეკონომიკის მეტასტაზები...

სად არის ხელისუფლება? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. ხელისუფლება არის იქ, სადაც ადრე იყო. არ დავკონკრეტდები და ხელისუფლების ლოკაციის არეალის ამოცნობას ჩვენი მკითხველის მიხვედრილობის უნარს მივანდობ. ამასობაში კი აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემაზე ხელისუფლება დუმს.

„ძალიან სახიფათო ზღვარს მივადექით, როდესაც აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბი საგანგაშო ნიშნულზეა. დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის წინაშე ვდგავართ. „სახელმწიფო მშვიდად უყურებს, თუ რა უჯდება ქვეყანას სათამაშო ბიზნესის კეთილდღეობა“, − აცხადებს დეპუტატი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას და იქვე დასძენს, რომ ამ ბიზნესის დაახლოებით 30 პროცენტი ჩრდილშია და დღეს სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა, შესაძლოა, 20 მილიარდ ლარსაც აღწევდეს.

კაზინო - Sputnik საქართველო
YOUR BETS, PLEASE... ანუ, თქვენი ფსონები, გეთაყვა

„ყველა პრობლემა ხელისუფლებისთვის ნაცნობია, მაგრამ წინ ნაბიჯსაც კი არ დგამს. ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც მაღალ დონეზე წყდება და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ... მთავარი ლობი უჩა მამაცაშვილია, სწორედ ის აძლევს ამ ბიზნესს გარანტიას, რომ საკანონმდებლო სივრცეში მისთვის სტატუს-კვო დარჩება. ასე რომ, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს და, შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. არც ერთი კანონპროექტი, რომელიც მთავრობას პარლამენტში აქვს შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენი ხანიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი დააყოვნეს. რატომღაც ფინანსთა სამინისტროს არ უჩნდება სურვილი, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს... მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია. როცა მთავრობასთან განვიხილავდით კანონპროექტს, გიორგი გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა“, − განაცხადა დეპუტატმა.

შეჯამების დროა. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, დიდი ხანია მოვიდა ჟამი (ეგება გავიდა კიდეც), როცა სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში, რომელიც ბიუჯეტს შემოსავლებით სერიოზულად ეხიდება, მაგრამ მოქალაქეს აღარიბებს და არცთუ იშვიათად კლავს კიდეც! მერწმუნეთ, მერე ყველაფერი მარტივად დალაგდება...      

 

ყველა ახალი ამბავი
0