გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე...

© Pixabay / stevepbბანკის საქმიანობა
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი ლარის გამყარებასა და ინფლაციის შეჩერებას ცდილობს. ექსპერტ-ანალიტიკოსები და საბანკო სფეროს წარმომადგენლები კობა გვენეტაძის უწყების სექტემბრის თვის გადაწყვეტილებებს აფასებენ...

სამსონ ხონელი

ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის ენკენისთვე გამორჩეული გამოდგა. ეროვნულმა ბანკმა 21 დღის ინტერვალით – 4 და 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი ჯამურად 1 პროცენტული ერთეულით, 6.5 პროცენტიდან 7.5 პროცენტამდე გაზარდა.

კობა გვენეტაძის უწყება განმარტავს, რომ მიზანი ლარის გაუფასურების შეჩერება, ინფლაციისა და ფასების ზრდის პრევენციაა.

„ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო“ − ასეთია კობა გვენეტაძის უწყების ოფიციალური პოზიცია.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ლარის არაბუნებრივად გაუფასურებისა და ინფლაციის ზრდის შესახებ სავალუტო ფონდისა და ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმაც უკვე ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი. ვითარება მართლაც ურთულესია. თქვენი არ ვიცი და, მე კი არ მახსენდება, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საკითხზე ერთი თვის ფარგლებში ორჯერ ემსჯელა. ასეა თუ ისეა, ფაქტი სახეზეა. მეტიც, ეროვნული ბანკი მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას არ დასჯერდა, სავალუტო ბაზარზე 40 მილიონი ამერიკული დოლარის ინტერვენციაც განახორციელა. არადა, კარგად გვახსოვს, ქვეყნის მთავარი ბანკირი დიდხანს ჯიუტად ასაბუთებდა, რომ ლარის კურსის გამყარების მიზნით სავალუტო რეზერვების გამოყენება არამიზანშეწონილია. ახლა პოზიცია შეიცვალა და საინტერესოა, რატომ? იმედია, უახლოეს მომავალში კობა გვენეტაძე თავად განმარტავს. მანამდე კი ჩვენ ვცადოთ და ეროვნული ბანკის საშემოდგომო გააქტიურება შევაფასოთ. არც ახლა დავარღვევ ტრადიციას და ექსპერტ-ანალიტიკოსებისა და სპეციალისტების ნააზრევს მოვიშველიებ.

ტურისტები თბილისში  - Sputnik საქართველო
ანტრე, ბატონო!.. ანუ როგორ „მოპარეს“ ქვეყანას ტურისტული სეზონი

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ამ ძალისხმევას მხოლოდ ერთჯერადად ექნება ეფექტი. აუცილებელია ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, რაც, პირველ რიგში, უცხოური ინვესტიციების ზრდას გულისხმობს.

ანალიტიკოსი ირაკლი კეპულაძე: „რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, მაღალი ალბათობით, გრძელვადიან პერიოდში ვერ უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობასა და ინფლაციის დასაშვებ ნიშნულზე შეჩერებას. კობა გვენეტაძემ ამ ნაბიჯით ფსკერზე დაშვებულ ეროვნულ ვალუტას დროებით ჟანგბადი მიაწოდა. საჭიროა სისტემური მიდგომა, ხელი უნდა შეეწყოს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ შემოსავლები ტურიზმიდან ან მხოლოდ ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან და, თუ გნებავთ, მხოლოდ ექსპორტის მოცულობის ზრდა. საქართველომ სასურველი საინვესტიციო ქვეყნის იმიჯი უნდა დაიბრუნოს..."

სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს, რადგან ეროვნული ბანკის გააქტიურება დაგვიანებულია.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
სტომაქის დიქტატურა!... ანუ როცა „მიცემა-არმიცემით“ არაფერი იცვლება...

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი: „შედეგი მყისიერად არ იქნება. ყველაფერი, რასაც ცენტრალური ბანკი ლარის კურსთან მიმართებაში ბოლო პერიოდში აკეთებდა, ეკონომიკის კანონებს აცდენილი იყო. სადღეისოდ შექმნილ სიტუაციას კობა გვენეტაძის უწყება, ვეჭვობ, დამოუკიდებლად ვერ უშველის. ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმების შესამუშავებლად აუცილებელია მთავრობის ჩარევაც. სავალუტო ბაზარზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად ეროვნული ბანკი ყოველთვის კომფორტულ სიტუაციაშია და მუდმივად აცხადებს, რომ ინფლაციას აკვირდება. ასე კი არც ერთი ცენტრალური ბანკი არ იქცევა, ამიტომ ეროვნული ბანკის ფუნქციის გადახედვაა აუცილებელი და საჩქარო. ბოლო გადაწყვეტილება შედეგს, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს. ეროვნული ბანკის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი დაგვიანებული იყო... ეს ეხება ლარიზაციას, ეს ეხება სავალუტო ბაზარზე 32 მილიონი დოლარით ინტერვენციას და ახლა უკვე რეფინანსირების განაკვეთის ზრდას...“

საბანკო სფეროს ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის სტაგნაციის გამომწვევიც იქნება.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ხალხის ხმა ციფრებში... ანუ ვის, რა, როგორ და რატომ?

ექსპერტი ლია ელიავა: „რეფინანსირების განაკვეთის მატებას ერთადერთი მიზანი აქვს – ეს არის ეკონომიკიდან ფულის ამოღება და ინფლაციური პროცესების მოთოკვა. მექანიზმი მარტივია: კომერციული ბანკები სარგებლობენ ამ ტიპის სესხით და გასცემენ კრედიტებს. შესაბამისად, როცა განაკვეთი იზრდება, სესხიც ძვირდება, ეს კი ეკონომიკიდან ფულის ამოღებას იწვევს. შედეგად მივიღებთ ორ რამეს – ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს კობა გვენეტაძის უწყება და უგულებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. ეს არის ეკონომიკის სტაგნაციაში ჩაგდება. ზარალდება ყველაფერი, ფიზიკური და იურდიული პირები, მეწარმეები... დღეს ეროვნული ბანკი იძულებულია წავიდეს ვა-ბანკზე მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე ლარის კურსი ვერ დაიჭირა და ინფლაციის სადავეები გაექცა...“

ექსპერტი სესხების გაძვირებაზე საუბრობს და მართალიც არის. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 100 ათას ჩვენ მოქალაქეს საბანკო ვალდებულება გაუძვირდა. ეს ის დებიტორები არიან, რომელთა სესხები ეროვნულ ვალუტაშია გაცემული, პროცენტი ცვლადია და რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ იუწყება, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე დამოკიდებული 102 700 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მომხმარებლებს სამი კვირის მანძილზე საპროცენტო განაკვეთი ჯამურად 1 პროცენტული პუნქტით გაეზარდათ.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
კოჭლი, რომელიც მარდია...

სხვა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ძირითადი მაკროეკონომიკური და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ეროვნული ვალუტის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ დღეს 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა ტრიალებდეს. მათი შეფასებით, კობა გვენეტაძის უწყების ეს გადაწყვეტილებები სწორია და უახლოეს მომავალში, წლის ბოლომდე ლარმა გამყარება უნდა დაიწყოს. ამ მოსაზრებას კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც იზიარებენ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე: „კარგად გვესმის და გასაგებია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მსესხებლისთვის მარტივი არ არის. მას საბანკო ვალდებულება ეზრდება და ცხოვრება უძვირდება. შესაბამისად, ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს...“

პატივცემული ბანკირის სიტყვებს თუ კარგად ჩავუღრმავდებით, მარტივად ამოვიკითხავთ, რომ ლარის გამყარების გზა თურმე მოქალაქეთა მოთმინებაზე გადის... რა გაეწყობა, გვინდა თუ არა, უნდა დაველოდოთ!.. თუ ჩამეძიებით – როდემდე? გეტყვით, რომ ეს არავინ უწყის...

ყველა ახალი ამბავი
0