სტომაქის დიქტატურა!... ანუ როცა „მიცემა-არმიცემით“ არაფერი იცვლება...

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოების გზავნილი ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუციებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. რა ტენდენცია იკვეთება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შედეგებით, როგორ ისმინება ჩვენი დროების პოლიტიკური მაჯისცემა?...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიის შესავალში ხანგრძლივი დაკვირვების შედეგს გაგიზიარებთ. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, რომ პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას და ეკონომიკა კი პოლიტიკას... შესაძლოა ჩამეძიოთ, რომელი დომინირებს? გეტყვით, რომ ორივე ერთად და ცალ-ცალკე... თუ დაკონკრეტებას კატეგორიულად მოითხოვთ, მარქსისტული მოძღვრების ერთ საყოველთაოდ ცნობილ სენტენციას მოვიშველიებ, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. ამ შეფასებას ვიცი, ბევრი არ გაიზიარებს. არ ვიკამათებ, მხოლოდ მივანიშნებ, ცხოვრება ჯიუტად ადასტურებს სტომაქის დიქტატს... მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს და ავცდებით ძირითად საკითხს. უბრალოდ შევთანხმდეთ, ნათქვამს აქვს სულ მცირე არსებობის უფლება, დავსვათ შუალედური წერტილი და ამ პირობით განვაგრძობ თხრობას.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ხალხის ხმა ციფრებში... ანუ ვის, რა, როგორ და რატომ?

მაშ ასე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 13-29 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები სრულად გამოქვეყნდა. სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე ჩვენებურების ხედვას მოკრძალებული სტატიით ორიოდე დღის წინათ გამოვეხმაურე კიდეც. კვლევის ავტორებმა დაანონსეს, რომ მალე შევიტყობდით ჩვენი დროების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემას. ასეც არის, სიტყვა საქმედ იქცა და ახლა დროა, კიდევ ერთხელ, ერთად მოვუსმინოთ ხალხის ხმას; რას ფიქრობს საზოგადოება სახელმწიფო ინსტიტუციებისა და პოლიტიკური სპექტრის საქმიანობაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ვცადოთ, რომ გავარკვიოთ, დღევანდელი გადასახედიდან ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში...

კვლევის ე.წ. ეკონომიკურ ნაწილში, ყოფით საკითხებზე საუბრისას რესპონდენტთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. დიდი უმრავლესობა კი ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს და ეროვნული მნიშვნელობის უმწვავეს პრობლემებად სიღარიბეს, ფასების ზრდას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ინფლაციასა და უმუშევრობას ასახელებს. შექმნილ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობას გამოკითხულთა  უმრავლესობა მთავრობას აკისრებს. ამ რეალობის გათვალისწინებით, კვლევის პოლიტიკური შედეგები, ჩემთვის, მოულოდნელი არ ყოფილა. რა გასაკვირია, რომ ყოფითი პრობლემებით დამძიმებული მოსახლეობა ხელისუფლების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის საქმიანობით უკმაყოფილო იყოს?! თანმიმდევრულად მივყვეთ...

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
კოჭლი, რომელიც მარდია...

შეზღუდული საკონსტიტუციო უფლებამოსილების პირობებშიც კი, როცა პრეზიდენტს ბევრი არაფრის გაფუჭება შეუძლია, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ანტირეკორდი დაამყარა. თავად განსაჯეთ, თუკი 2015-2018 წლებში პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებდა საშუალოდ 14-17 პროცენტი, მიმდინარე წლის ივლისში ეს მაჩვენებელი უკვე 40 პროცენტი იყო. ასეთი რა „იყოჩაღა“ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა, ეს ძნელი სათქმელია, თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ე.წ. შეწყალების სკანდალი სახელმწიფოს მეთაურს წინ ელოდა. ასე რომ, პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვი, დღეს, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მეტია...

გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. თუკი მიმდინარე წლის მაისში ასეთი რესპონდენტების რაოდენობა 56 პროცენტი იყო, ზაფხულში უკვე 60 პროცენტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, მთავრობის საქმიანობის უარყოფითად შემფასებელთა რაოდენობა გასული წლიდან იზრდება და შესაბამისად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც მთავრობის გარჯით კმაყოფილია.

არ გაგიკვირდეთ, საზოგადოების კეთილგანწყობით ვერც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაიკვეხნის. გამოკითხულთა 42 პროცენტი დეპუტატების საქმიანობას უარყოფითად აფასებს. რესპონდენტთა მხოლოდ 8 პროცენტია ამბობს, რომ პარლამენტი კარგად მუშაობს. ხალხის რჩეულებმა კვლევის მონაწილეთა 39 პროცენტის საშუალო შეფასება დაიმსახურეს. სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, ინსტიტუციებს შორის სხვას რა ბედი ეწია? − ამ შესაძლო კითხვაზეც არის პასუხი. გამოკითხულთა უმეტესობა, 74 პროცენტი ყველაზე კარგად ეკლესიის საქმიანობას აფასებს, 57 პროცენტით მეორე პოზიცია იუსტიციის სახლებს უკავია, პირველ ოთხეულშია შეიარაღებული ძალები 53 პროცენტით და პოლიცია 42 პროცენტით. აი, ეს კი პოზიტიური გზავნილია... შესაძლო რეპლიკაზე, რატომ? მარტივად ვიტყვი, უბრალოდ რომ ვთქვა, უპასუხოდ დავტოვებ, იმედია, განმარტება საჭირო არ არის, უბრალოდ, რბილად ძალიან  კარგია, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობით კმაყოფილია და ენდობა მას. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას დადებითად აფასებენ. ასეთი ახლა მხოლოდ 10 პროცენტია. რესპონდენტებიდან არავის უთქვამს, რომ სასამართლო კარგად მუშაობს. რაც შეეხება დედაქალაქის მერს, გამოკითხული თბილისელების 11 პროცენტი მისი საქმიანობით ძალიან კმაყოფილია. კახა კალაძის შრომას უარყოფითად მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს. ისე არც ეს მიკვირს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თავის რეიტინგი საკმაოდ მაღალია, აშკარად იგრძნობა სარეაბილიტაციოდ გადათხრილი ქუჩებით გამოწვეული დისკომფორტის გავლენა. ჩვენში ხშირად ასეც ხდება, საქმის კეთება გაღიზიანებას იწვევს...

ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
სირცხვილია! ანუ ვინ და რატომ ძარცვავს პენსიონერებს

მკითხველს არ გაუკვირდება, რომ კვლევაში ვრცელი ადგილი 20 ივნისის ღამის მოვლენების შეფასებას ეთმობა. გამოკითხულთა 43 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ზოგადად ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ჯამურად რესპონდენტთა მხოლოდ 15 პროცენტი საუბრობს. არც ეს არის მოულოდნელი, ჩვენებურების უმრავლესობის აზრით, ოპოზიცია პასუხისმგებლობისგან ხომ მუდამ თავისუფალია... ერთსაც დავსძენ, შესაძლო პასუხისმგებელ პირთა ჩამონათვალში იყო ნიკანორ მელია. 20 ივნისის ღამეს ძალადობის ორგანიზებისთვის მას ბრალი აქვს წაყენებული. მიუხედავად ამისა რესპონდენტთაგან პასუხისმგებლობა მისთვის არავის დაუკისრებია. ახლა მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, როგორია ჩვენში თავისუფლების თუ პასუხისმგებლობის გაგება... და ბოლოს, გამოკითხულთა 9 პროცენტი იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს. რესპონდენტთა 46 პროცენტი ეთანხმება გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას.

გაცვლითი კურსი - Sputnik საქართველო
ლარის სასექტემბრო „ამბიციები“, ანუ სულ უფრო დაბლა და ფსკერთან ახლოს...

მომავლისკენ გავიხედოთო, − ბრძანებთ თქვენ და რეპლიკას გავიზიარებ. საფუძველიც მაქვს. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას... მათგან მეოთხედმა ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას. სწორია, „მიცემას“ აჩქარება არ უყვარს, ცივი გონებით უნდა გააკეთო არჩევანი... 16 პროცენტი კი ჩამოყალიბებულია, ამბობს, რომ არცერთ პარტიას დაუჭერს მხარს. ესეც მისაღებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ „მიცემა-არმიცემით“ პირადად შენთვის არაფერი შეიცვლება. რესპონდენტთა ერთ ნაწილს საფიქრალი აღარ აქვს, მას რჩეული უკვე ჰყავს. მათგან 24 პროცენტით „ქართულ ოცნება“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ 10 პროცენტით, მესამე-მეოთხე ადგილებს 6-6 პროცენტით იყოფენ „ეცროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“, გამოკითხულთა 5 პროცენტის მხარდაჭერა წილად ხვდა „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო ხუთეულს მიღმაა „ლეიბორისტული პარტია“, მისი რეიტინგი 3 პროცენტია... ამ ვითარებაში ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, რა კონფიგურაციის იქნება მომავალი პარლამენტი, თუმცა არ დაგვავიწყდეს, პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც ლელოს დადებით იქადნება და სავარაუდოდ, შეძლებს კიდეც ელექტორატის ნაწილის გადაბირებას... თუმცა, ამას დრო გვიჩვენებს.  

   

ყველა ახალი ამბავი
0