სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიის თემატიკა, დარწმუნებული ვარ, არახალია, მეტიც, ლარის გაუფასურება ის საკითხია, რომელსაც ბოლო ხუთი წელია განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. საამისო მიზეზი მქონდა და ახლაც მაქვს. ეროვნული ვალუტა უკვე სტაბილურად „გვახარებს“ თავისი „მიღწევებით“. ასეა ახლაც, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ქვეყნის მთავარი ბანკის მონაცემებით, 4 სექტემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა რამდენიმე ერთეულით გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.9683 ლარი შეადგინა. კომერციულ ბანკებში კი ლარმა კიდევ ერთხელ გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი – ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში სამიან ნიშნულს გაუტოლდა... ერთი სიტყვით, ვერავინ დამაბრალებს, რომ სავალუტო რყევების გამომწვევ მიზეზებსა და უმძიმეს შედეგებზე თხრობა ჩემი ახირებაა. ამჯერად რა ხდება? − შესაძლოა, კითხვა უკვე რიტორიკულია, მაგრამ ფაქტია, რომ აქტუალურობა ჯერაც არ დაუკარგავს.
ჩემეული შეფასებით, ლარის სასექტემბრო დაღმასვლა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაწყებული გაუფასურების გაგრძელებაა და, ყბადაღებულ საგარეო ფაქტორებზე მეტად, ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, ეს უწყება საფინანსო ბაზარზე მიზანმიმართულად ამცირებდა დოლარის და ზრდიდა ლარის მოცულობას. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ასეულობით მილიონი დოლარი შეიძინა, კომერციულ ბანკებზე კი რეფინანსირების სესხების სახით მილიარდ-ნახევარი ლარი გასცა. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსში დოლარის მუდმივი დეფიციტის გამო ეროვნული ვალუტა სულ უფრო და უფრო თმობდა პოზიციებს.
ახლა ანალიტიკოსების შეფასებებს გავეცნოთ. საგულისხმოა, რომ მათი ერთი ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებს.
პროფესორი ლადო პაპავა: „ლარის გაუფასურება იმ მცდარი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს. ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების გაცემით ზრდის ფულის მასის მიწოდებას. იმავდროულად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, თავისი ჭკუით, ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ფულის მასის ზრდას არა აქვს ზეგავლენა არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე. ეს აბსოლუტური უცოდინრობაა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს იმ სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იქმნებოდა...“
თვალსაჩინოა, რომ პატივცემული ლადო პაპავას და ჩემი შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ერთი უწყებისკენ ხელის გაშვერა არასწორია. მათი თქმით, მცდარია ის მოსაზრებაც, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად კობა გვენეტაძის უწყებამ რეზერვები უნდა დახარჯოს...
ანალიტიკოსი გიორგი აბაშიშვილი: „რომელიმე ერთი უწყების დადანაშაულება არასწორია. არავის აქვს ჯადოსნური გასაღები, თუნდაც ეროვნულ ბანკს, რომ ეს სიტუაცია ერთ წუთში შეცვალოს. აქ საჭიროა მთლიანად ეკონომიკური ბლოკის ერთიანი ხედვა, ეროვნულ ბანკთან ერთად... სავალუტო რეზერვი მოქალაქეების საკუთრებაა და რა მანდატით უნდა დახარჯოს ეროვნულმა ბანკმა ეს რეზერვი, თუ წინასწარ არ გვეცოდინება, რომ ეს შედეგს მოიტანს? აი, ცოტა ხნის წინ დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი, თუმცა სრულიად უშედეგოდ...“
სავალუტო რეზერვების გამოყენების საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ერთხანს ქვეყნის ვიცე-პრემიერიც იყო და ახლა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას უდგას სათავეში. რომან გოცირიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების და, შესაბამისად, ფასების ზრდის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს, მათ შორის სავალუტო რეზერვებიც...
რომან გოცირიძე: „ეროვნულ ბანკს აგვისტოს დასაწყისში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია რომ არ განეხორციელებინა, რამაც გარკვეულწილად ბაზარი დაამშვიდა, ლარი უკვე დიდი ხნის და თანაც საკმაოდ გადაცილებული იქნებოდა სამიანის ნიშნულს. რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო. თუ ბაზარზე ვალუტას იძენ და რეზერვებს აგროვებ, მისი უკან დაბრუნებაც იგივე ეფექტის მქონე ქმედებაა. თუ ეროვნულმა ბანკმა ეპიზოდურად წაიფაფხურა, მთავრობა საერთოდ არაფერს აკეთებს ლარის სტაბილურობისათვის. პასუხისმგებლობა კი ორივეს ეკისრება... ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეწყდეს ლარის მცოცავი გაუფასურება...“
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეროვნული ბანკის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებაც დადებითად შეაფასა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზარდა. კობა გვენეტაძის უწყების ამ გადაწყვეტილებით 98.260 მსესხებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდება.
ასე რომ, ლარის გაუფასურებით საბანკო ვალდებულების გასტუმრება გაძვირდება და თანაც ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, კრედიტი დოლარშია გაცემული თუ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ ლარში. რა შემთხვევაში უფრო დიდია ზარალი? − ეს დათვლადია, თუმცა ძნელი არ არის მიხვედრა, რომ კურსის გაუარესების ნეგატიური ეფექტი ჯიბეზე გაცილებით მაღალია... ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. სამწუხაროდ, უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით დამოკიდებულია, შესაბამისად, კურსის ცვლილება მათზე უარყოფითად აისახება.
ლარის გაუფასურება უკვალოდ არ ჩაივლის ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით მძიმე იქნება მისი ზეგავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის იმ სეგმენტზე, რომელსაც კონტაქტები საზღვარგარეთ, უცხოელ პარტნიორებთან აქვს და, შესაბამისად, მოწოდებული საქონლისა თუ მომსახურების ანაზღაურება უცხოურ ვალუტაში უწევს. ფინანსისტების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, მხოლოდ ლარის კურსის ვარდნისა და სავალუტო რყევების გამო საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი რამდენიმე მილიარდით გაიზარდა...
დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს. უახლოეს მომავალში მაინც როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საფინანსო ბაზარზე? ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრდებით და არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების შენარჩუნდებით ლარის კურსი წლის ბოლომდე რამდენიმე პუნქტით გამყარდება.
ანალიტიკოსი მიხეილ ჭკუასელი: „დარწმუნებული ვარ, რომ მოცემულ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ინფლაციაზე პირდაპირ ზეგავლენას მოვახდენთ, გარკვეულწილად ეს ლარის კურსზე არაპირდაპირი ზემოქმედების საშუალებაც იქნება და თუ ფუნდამენტური მაჩვენებლების შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ ლარის კურსი წლის ბოლომდე მინიმუმ 10 პროცენტით უნდა გამყარდეს...“
სტატიას ჩემეული დასკვნით დავასრულებ: მცურავი გაცვლითი კურსის დროს პროგნოზირება რთულია. საამისოდ აუცილებელია ლარის კურსზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორების გაანალიზება, საჭიროა კარგად დავინახოთ სიტუაცია, სად ვართ დღეს და რა რეალობა გვაქვს, მანამდე კი ნებისმიერი მსჯელობა არაკვალიფიციური იქნება...