პოლიტიკური „შური-მური“ და ეკონომიკის პერსპექტივა...

© Sputnik / Alex Shlamovმთავრობის შენობა
მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორია ქვეყანის ეკონომიკური ზრდის ტემპები, რა ტენდენციაზე მიანიშნებს "საქსტატის" ოფიციალური მონაცემები, შეფასებები და განმარტებები, რა გავლენა აქვს პოლიტიკას ეკონომიკურ პროცესებზე...

სამსონ ხონელი

პატივცემულ მკითხველს მოეხსენება, რომ ყოველი თვის მიწურულს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, როგორც წესი, კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს. ინფორმაცია, რომელსაც უწყება პერიოდულად გვაწვდის, სხვადასხვა სფეროში ან მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე მიგვანიშნებს, მრავალ კითხვას პასუხობს და, რაც მთავარია, საფუძველს იძლევა განსჯისა და დასკვნისათვის. ასე იყო, როცა „საქსტატმა“ ორიოდე დღის წინაც გვაუწყა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ ჩვენში 6.1 პროცენტი შეადგინა... მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება და უძრავი ქონებით ოპერირება – ასეთია იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო კლებაც, კერძოდ, სამთომოპოვებით მრეწველობაში, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში. რაც შეეხება პირველი შვიდი თვის მაჩვენებელს, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტი იყო.

ბანკომატი - Sputnik საქართველო
ბევრი ლარი და ცოტა დოლარი... ანუ მთავარი ბანკირის ჰობი თუ თვითმიზანი?

ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას საშუალოდ 4.5 პროცენტის ფარგლებში ვარაუდობდნენ. წლის ბოლომდე კიდევ ოთხი თვეა, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ორივე მონაცემი მიანიშნებს, რომ თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, შედეგი საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს.

საინტერესოა, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას? ანალიტიკოსთა შეფასებით, პროცესზე დადებითი ზეგავლენა ჰქონდა ორი პარამეტრის საგრძნობ გაუმჯობესებას. კერძოდ, როგორც ექსპორტის, ასევე დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდას.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „მნიშვნელოვანი იყო ივლისში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა. გასული წლის ივლისთან შედარებით ის 16.7 პროცენტით გაიზარდა და წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაიზარდა ექსპორტის მოცულობაც. მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ზრდა 17.5 პროცენტია, ხოლო იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა. ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის იანვარ-ივლისში საქონლის ექსპორტი საქართველოდან გაზრდილია როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. ექსპორტის ზრდა, შესაბამისად, 26.6 და 20.6 პროცენტია. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 503.5 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში 4.7 პროცენტით შემცირდა იმპორტის მოცულობა. შედეგად, 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ექსპორტის სასიკეთოდ შეიცვალა, დეფიციტი შემცირდა, რაც მხოლოდ დადებითად აისახა ეკონომიკის ზრდაზე, რადგან უფრო მეტი ფული დარჩა ეკონომიკაში...“

რთველი - Sputnik საქართველო
ნაადრევი შემოდგომა, ჭარბი მოსავალი და ჩვენებურად თრობის პერსპექტივა...

ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, ივლისში 7.8 პროცენტით გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა. ეს შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის პროცესზე.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეიძლებოდა გაცილებით უფრო მაღალი ყოფილიყო. რამ შეუშალა ხელი? – ჩამეძიება მკითხველი. როგორც ფინანსისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, მიზეზი ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობის კლებაა. არადა, საინვესტიციოდ გარემო ხელსაყრელია. სულ ცოტა ხნის წინ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურ“ მაჩვენებელზე დატოვა. დადებითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. ეს კი პოზიტიური ფაქტორია და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების თუ ინვესტორების ნდობას. ამ ვითარებაში, როგორც ანალიტიკოსები მიანიშნებენ, გადამწყვეტია პოლიტიკური ფონი...

ფინანსისტი შოთა გულბანი: „ეკონომიკაში დღეს საგანგაშო არაფერი ხდება, რამაც შეიძლება ივნესტორი დააფრთხოს. ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ოპოზიციურად განწყობილი გარკვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ არასტაბილური გარემოს ჩამოყალიბების მცდელობა. პრაქტიკულად სწორედ ეს არის ის, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს. ერთი სიტყვით, მარტივი, თანაც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ  არაპროგნოზირებად გარემოში ინვესტორი კაპიტალდაბანდებისგან თავს იკავებს. ამ მოცემულობას გააზრება სჭირდება...“  

თბილისი - დროშა - Sputnik საქართველო
გზავნილი პოტენციურ მევალეებს: საქართველო სანდო მოვალეა!

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროცესზე ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ივნისის თვის მოვლენებს. 

გიორგი ცუცქირიძე: „მაღალი ეკონომიკური ზრდა ივლისის თვეში ადასტურებს 2019 წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდს, და რომ არა 20-21 ივნისიდან განვითარებული ე.წ. რევოლუციური სცენარის პირდაპირი უარყოფითი ზეგავლენა, ეკონომიკური ზრდა, სულ მცირე, 6.5 პროცენტი იქნებოდა. ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად ბევრი გაკეთდა. ამან რუსეთიდან ტურისტების კლების შედეგად მოსალოდნელი ზარალი კი შეამცირა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმკით საგარეო შოკების ზეგავლენას ეკონომიკაზე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ივლისის თვეში, წინასწარი შეფასებით, ზრდა დაფიქსირდა, ის წინა თვეში დაფიქსირებულ წლიურ ზრდასთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებია, რაც საგულისხმოა. ამ სახის ექსტრალეგალური შოკების ზეგავლენა ყოველთვის ნეგატიურ კვალს ტოვებს. ეს გასაგები მიზეზების გამო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული საექსპერტო ჯგუფებისთვის იყო რატომღაც გაუგებარი. ვეჭვობ, სხვას არავის სჭირდება განმარტება, რომ აეროპორტში ნაკლები მგზავრი ნიშნავს ნაკლებ ტურისტს და ასევე ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს ტურისტულ მომსახურებაში...“

სპეციალისტთა შეფასებით, ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და ნაკლები რყევები, ყველა პროგნოზით, უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, რაც არის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის უტყუარი წინაპირობა... მაინც რა არის ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველი? − შესაძლოა, ჩამეძიოთ. თავად პასუხის გაცემა გამიჭირდება და ისევ ანალიტიკოსების ნათქვამს მოვიშველიებ.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
სავალუტო „ატრაქციონის“... რისკები და რჩევები...

შოთა გულბანი: „პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანსაღი ბიზნეს-გარემო და მეტი ხელშეწყობა ახალ ბიზნეს-წამოწყებებს, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების ხიდი სწორედ წელში გამართული ბიზნესების ერთობლიობაზე გადის. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკთან ხელმოწერილი სტრატეგია. ეს დოკუმენტი 2019-2023 წლებს მოიცავს. საინვესტიციო თანხის მოცულობა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარამდეა. იგი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მიზანი – სწრაფი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და სიღარიბის შემცირებაა, რაც დღემდე ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება...“

ამასობაში, ვიდრე ეკონომიკური ზრდის აწმყოსა და მომავალზე ვწერდი, მედიასაშუალებებმა კიდევ ერთხელ დააანონსეს სამთავრობო ცვლილებები. ეს ამბავი არახალია და, მეტიც, შეიძლება ხატოვნად ითქვას, რომ უკვე "წვერითაც შემოსილია", თუმცა თავად ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე სახის საკადრო გადაადგილებებს ჯერ კიდევ ორი დღის წინ კატეგორიულად უარყოფდნენ. კვირას საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბა, რაზე ითათბირეს, ჟურნალისტებისთვის უცნობია, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ საუბარი სამთავრობო ცვლილებებზეც იყო, გუნდი პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხზე ჩამოყალიბდა, მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება. თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებას მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, დღეს, 2 სექტემბერს, 15:00 საათზე გააკეთებს, შემდეგ კი თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება. ასე რომ, ისეთი პირი უჩანს, ინფორმაცია საფუძველს მოკლებული არ არის. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საშემოდგომოდ მთავრობის შემადგენლობის გადახალისება ჩვენში ასევე არ არის უცხო. ვნახოთ, დაველოდოთ, ფაქტია, არც ეს პროცესი ჩაივლის პოლიტიკური „შური-მურის“ გარეშე და ეკონომიკასაც კვალს დააჩნევს. როგორს? − ამას დრო გვიჩვენებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0