თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, რომელმაც პარლამენტის დატოვება გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანოში თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი დატოვა >>
ზარდიაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა, ამიტომ შუალედური არჩევნების გამართვა საჭირო არ იქნება.
„ვინაიდან საარჩევნო სიაში ვარ, დეპუტატობას ვგეგმავ”, – აღნიშნა თემურ გოცირიძემ.
თემურ გოცირიძე პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 52-ე ნომერია. მართალია, სიის მიხედვით ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ მან პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა. ირაკლი ზარქუა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
ვანო ზარდიაშვილმა კი ,რომელსაც პარლამენტში ყოფილ თანაპარტიელთან, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან კონფლიქტი მოუვიდა, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.
ბესელია: ვანო ზარდიაშვილი ერთ-ერთია, ვინც მონაწილეობდა ფარული კადრების გავრცელებაში >>
ზარდიაშვილსა და დეპუტატ ეკა ბესელიას შორის ინციდენტი გასულ თვეში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენის დროს მოხდა. ბესელია იმან გააბრაზა, რომ ზარდიაშვილმა საუბრისას იგი დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ნეგატიურად მოიხსენია. დაპირისპირება გედევან ფოფხაძის კითხვას მოჰყვა, როცა მან ზარდიაშვილის მორალზე წარმოთქვა რეპლიკა. ზარდიაშვილმა კი გედევან ფოფხაძეს მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ". დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბესელიამ ზარდიაშვილს ტუჩებში ხელი ჰკრა.