თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, რომელსაც პარლამენტში ყოფილ თანაპარტიელთან, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან მოუვიდა კონფლიქტი, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა გადაწყვიტა.
ზარდიაშვილსა და დეპუტატ ეკა ბესელიას შორის ინციდენტი გასულ თვეში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენის დროს მოხდა. ბესელია იმან გააბრაზა, რომ ზარდიაშვილმა საუბრისას იგი დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ნეგატიურად მოიხსენია. დაპირისპირება გედევან ფოფხაძის კითხვას მოჰყვა, როცა მან ზარდიაშვილის მორალზე წარმოთქვა რეპლიკა. ზარდიაშვილმა კი გედევან ფოფხაძეს მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ". დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბესელიამ ზარდიაშვილს ტუჩებში ხელი ჰკრა.
„სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ისეთი კამპანიის ავტორი ადამიანები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას“, – დაწერა ზარდიაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ წევრობა, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანია.
„ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე ჩემ უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად ყოველდღიურად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე მის მხარესაა, იგი წასვლას ამჯობინებს, რათა დარტყმის ქვეშ არ დააყენოს ოჯახი და გუნდი. მისი სიტყვებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მასზე შეტევებით ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს ავნოს. ზარდიაშვილმა აქვე დასძინა, რომ პარლამენტის დატოვების მიუხედავად რჩება პარტია „ქართულ ოცნებაში“.
ზარდიაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა, ამიტომ შუალედური არჩევნების გამართვა საჭირო არ იქნება. მის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში სიაში მომდევნო – ირაკლი ზარქუა დაიკავებს.