თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს იმედი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებებზე დადებითად იმოქმედებს, იუწყება პირველი არხი.
ეუთოს თავმჯდომარე: ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იმედისმომცემია>>
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა.
„უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ დღეს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრა გარკვეულწილად აისახება ჟენევის ფორმატის მუშაობაზე. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს რეალური შედეგები, ეს უნდა იგრძნონ ადამიანებმა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ყოველდღიურად პრობლემები გვაქვს საოკუპაციო ხაზთან", – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ჟენევის ფორმატს ჯერ კიდევ არ ამოუწურავს თავისი თავი.
„ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის იქნება მზადყოფნა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა ჩვენი დელეგაცია ნიუ-იორკში რამდენიმე დღის განმავლობაში", – აღნიშნა აბაშიძემ.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.
პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა>>
საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალი შვეიცარიაა. შვეიცარიის საელჩოებში თბილისსა და მოსკოვში გახსნილია რუსეთისა და საქართველოს ინტერესთა სექციები.