ლავროვთან შეხვედრის შემდეგ – ზალკალიანი დეპუტატებს „ანგარიშს ჩააბარებს“

© photo: press-service of the Ministry of Foreign Affairs of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ოპოზიცია ზალკალიანს მოუთმენლად ელოდება პარლამენტში.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოქტომბერში „მინისტრის საათის“ ფარგლებში კანონმდებლების წინაშე წარდგება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: იმედია, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველო–რუსეთს შორის პრობლემების მოგვარებას

გუშინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. საქართველოში ეს ფაქტი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზალკალიანისგან მოლაპარაკებების შინაარსისა და მიზანშეწონილობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის წარდგენა მოითხოვა.

„პარლამენტთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. ამის პრობლემა არც წარსულში მქონდა და არც მომავალში მექნება. ოქტომბერში „მინისტრის საათი“ მექნება, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებ ყველაფერზე, ყველა ძირითად მიმართულებაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

მიროსლავ ლაიჩაკი - Sputnik საქართველო
ეუთოს თავმჯდომარე: ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იმედისმომცემია

ზალკალიანის განცხადებით, საქართველო დათანხმდა შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის გამართვაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. მისი თქმით, ეს იყო „პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის, რაც იქ (ადმინისტრაციულ საზღვართან - რედ.) შექმნილ მძიმე სიტუაციას უკავშირდება“.

„ეს უნდა მოხდეს არა ერთი–ერთზე, სადაც საქართველო სუსტადაა წარმოდგენილი“, – მიაჩნიათ „ნაცმოძრაობაში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, უნდა გაიმართოს ინტენსიური მოლაპარაკებები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, რადგანაც რუსეთი გაცილებით ძლიერი ქვეყანაა.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, თავის მხრივ, დაიწუნა არსებული ქართული დიპლომატია. ზალკალიანს მან „ნულოვანი პოლიტიკური წონადობის ფიგურა“ უწოდა და ეჭვი გამოთქვა, რომ ზალკალიანი რუსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესის ადგილიდან დაძვრას შეძლებს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.

მანამდე გამოცემა КоммерсантЪ-თან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოში გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციების გამყარებას აგრძელებენ”. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ის, შესაძლოა, „საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლას დააბრუნებდა“.

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. შედეგად სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა შემცირდა.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, 700 მილიონ დოლარამდე იზარალოს. ივლისამდე პერიოდში საქართველოში ტურისტებს შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0