თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავენ – ზოგი მაღაროდან გამოსვლაზე აცხადებს უარს, ზოგი კი პროტესტს მიწის ზევით, მიტინგზე გამოხატავს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროტესტი მიწისქვეშეთში – „საქნახშირმა" მეშახტეებთან შეთანხმება ვერ შეძლო >>
ნახშირის მომპოვებელი 25–ვე მაღარო, ზედიზედ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების გამო, საქართველოს პრემიერ–მინისტრის განკარგულებით, 2018 წლის ივლისიდან გაჩერებულია. ამის მიუხედავად, მაღაროელები ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამჯერად ანაზღაურება იგვიანებს.
„საქნახშირის“ ყოველთვიური სახელფასო ხარჯი და დასაქმებულთა სადაზღვევო პაკეტები 1,2 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის განცხადებით, ხელფასები ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაირიცხა.
პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ მეშახტეები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ვერ ფარავენ საბანკო კრედიტებს, რომლებსაც პროცენტები ერიცხება, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, მათ არ იციან, როდის განახლდება მუშაობა.
მაღაროების მდგომარეობის შესასწავლად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოიწვიეს სპეციალისტები გერმანიიდან, მაგრამ საექსპერტო დასკვნა, შეიძლება თუ არა იქ მუშაობა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
საპროტესტო აქცია სამშაბათს დაიწყო, როდესაც 30–მდე მაღაროელი მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და იქიდან ამოსვლაზე უარი განაცხადა, ვიდრე მათ სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებდნენ და არ მიაწოდებდნენ ინფორმაციას, როდიდან განახლდებოდა მუშაობას. მეშახტეები ანაზღაურებას 15 სექტემბერს ელოდნენ.
პარალელურად საპროტესტო აქციებს მართავენ დანარჩენი მაღაროელები, მაგრამ უკვე მიწის ზევით.
რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს? >>
ზუსტად რამდენი მეშახტეა ამჟამად მაღაროში, პეტრიაშვილმა არ იცის, მაგრამ, მისი სიტყვებით, ისინი პერიოდულად ამოდიან ზევით და ისევ ბრუნდებიან შახტაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქნახშირს“ მოუწოდა, დროულად გამართოს მოლაპარაკება მეშახტეებთან და გადაუხადოს მათ ხელფასი.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას შორის ხუთშაბათისთვისაა დანიშნული.