თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის" ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო მეშახტეებთან შეთანხმება, რომლებიც მეორე დღეა უარს ამბობენ შახტებიდან ამოსვლაზე და ხელფასების დროულად გადახდას მოითხოვენ, განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ.
ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. ამის მიუხედავად მეშახტეები სახელმწიფოს მხარდაჭერით 13 თვის განმავლობაში ხელფასს იღებდნენ. შახტებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოიწვიეს გერმანელი სპეციალისტები, თუმცა ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.
„საქნახშირის" ყოველთვიური ხარჯები ხელფასებსა და დაზღვევაზე 1,2 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიამ განაცხადა, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს.
„პროტესტი გრძელდება. კომპანიამ სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელა. თავიდან თქვეს, რომ ხელფასი 27 სექტემბერს იქნება, შემდეგ თქვეს, რომ საკითხი თვის ბოლოს გაირკვევა. ხელმძღვანელობამ მუშების ნდობა დაკარგა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მეშახტეებს (რომლებიც უარს აცხადებენ შახტებიდან ამოსვლაზე - რედ.) შიმშილობისთვის ჯერ არ მიუმართავთ, მათ პროდუქტებით პროფკავშირების წარმომადგენლები და მუშები ამარაგებენ", – განაცხადა დოლაბერიძემ.
ტყიბულის შახტებში სამშაბათს დაახლოებით 30 მეშახტე ჩავიდა და იქიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს, სანამ მათ არ გადაუხდიან ხელფასებს და არ მიაწვდიან ინფორმაციას სამუშაოს განახლების პერსპექტივის შესახებ. მეშახტეების ნაწილი მინდელის სახელობის შახტშია, ხოლო ნაწილი – ძიძიგურის სახელობის. მეშახტეები თანხას 15 სექტემბერს ელოდებოდნენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოუწოდა „საქნახშირს", დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს მათი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ სამშაბათს განაცხადა, რომ მეშახტეები ვერ ფარავენ კრედიტებს ბანკებში და ამ კრედიტებს ემატება პროცენტები, ასევე გადასახდელია კომუნალური გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს „საქართველოს ბანკს", „ენერგო-პრო ჯორჯიას" და „სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელ მეშახტეთა ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა.
კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.