ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო ორჯერ შემცირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობანის მშენებლობა ქუთაისთან
ავტობანის მშენებლობა ქუთაისთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა შეიმუშავა.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ბაღდათი–აბასთუმნის საავტომობილო გზის ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთების შემდეგ ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

სამუშაოები მიმდინარეობს სამთო გზების განვითარების პროექტის ფარგლებში. საავტომობილო გზის სიგრძე 61,5 კილომეტრია, სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება – 324 მილიონი ლარი. პროექტის რეალიზება 2018 წელს დაიწყო, დასრულება კი 2022 წლისთვის იგეგმება.

აბასთუმანი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება აბასთუმანი: ბიძინა ივანიშვილის გეგმა

„ეს გზა მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე, გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და ეკონომიკურ აქტივობას. ამ გზით სატრანზიტო მოძრაობა შეზღუდული იქნება. ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო დღეს საშუალოდ 4 საათია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს დრო 1,5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეკონსტრუქციის პარალელურად შემუშავდა აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოში წარმატებული კურორტების გამოცდილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა შემოვლითი გზის საჭიროება.

აბასთუმნის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტმა ეკოლოგიური შეფასების ეტაპი წარმატებით გაიარა. ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მუშავდება.

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე  >>

ახალი შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე გამოცხადდება.

პროექტის მიზანია დააკავშიროს ტურისტულად მნიშვნელოვანი რეგიონები, მოიზიდოს მეტი ტურისტული ნაკადი და გზამ 7 თვის ნაცვლად იფუნქციონიროს მთელი წლის განმავლობაში. 

„ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ აბასთუმანი გახდეს მსოფლიოში გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტი და, მსგავსად მსოფლიოში წარმატებული პრაქტიკისა, რეგიონში გახდეს ექსკლუზიური ეკოლოგიური კურორტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აბასთუმნის ახალი შემოვლითი გზის პროექტირებისას დამუშავდა 6 ალტერნატიული მიმართულება. შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეირჩა 3 ვარიანტი, საიდანაც უპირატესობა მიენიჭა მარშრუტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებს. 

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია - Sputnik საქართველო
აბასთუმანში ისტორიული ობიექტების სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. ახალი გზით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვანია როგორც ამ რეგიონებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.  დაბა აბასთუმანში განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობა და ქვეყანას ექნება უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი  კურორტი.

აბასთუმანი არის ქალაქის ტიპის დასახლება მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი წიწვოვანების ნაწილაკებს შეიცავს. სწორედ ეს ანიჭებს აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ულამაზესი პრომეთეს მღვიმე ახლებურად განათდება >>

გარდა ამისა, აბასთუმანი ცნობილია თერმული წყაროებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად აბაზანებისთვის გამოიყენება.

აბასთუმანი XIX საუკუნის შუა წლებში დაფუძნდა. აბასთუმანთან განლაგებულია ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0