თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ნაკრძალში – პრომეთეს მღვიმეში განათების ახალი სისტემა დაამონტაჟეს, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
დღეიდან სათაფლიაში ვიზიტორებს დინოზავრები დახვდებათ >>
განათების სისტემის გასაყვანად ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,2 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ჩატარდა.
„ახალი განათება მნახველების მოგზაურობას მღვიმეში უფრო ეფექტურს გახდის და ზიანს არ მიაყენებს მღვიმის უნიკალურ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნავენ უწყებაში.
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთავში მდებარეობს და ქუთაისიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული.
საქართველოს ყველაზე დიდი მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. დღეს ტურისტებისთვის მისი მხოლოდ მეათედი ნაწილია გახსნილი. მღვიმის შიგნით მიწისქვეშა მდინარეები და ტბებია. ქვაბულის სიგრძე თითქმის ორი კილომეტრია. ექვს დარბაზში – „არგონავტების“, „კოლხეთის“, „მედეას“, „სიყვარულის“, „პრომეთესა“ და „იბერიის“ დარბაზებში გასეირნებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.
პრომეთეს მღვიმეს განათებული, სხვადასხვა ფორმის კარსტული წარმონაქმნები – სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები ამშვენებს. ყოველწლიურად მღვიმეს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა.