თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც გასამართლებულთა შეწყალების სკანდალურ აქტებს იძიებს, შესაძლოა დაკითხოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ამ დოკუმენტებს მოაწერა ხელი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.
პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმიანება >>
როგორც ცნობილია, ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. სამი მათგანი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ორი – ნარკოტიკით ვაჭრობისთვის, ერთი კი იძებნებოდა.
„თუ აუცილებელი იქნება, პრეზიდენტსაც დაკითხავენ და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სხვა მოქალაქესაც. საზოგადოების შეფასება ძალიან მკაცრია. მე გამოვრიცხავ კორუფციას, თუმცა გამოძიებამ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცეს“, – მოჰყავს პირველ არხს ვოლსკის სიტყვები.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანეს.
„მმართველ გუნდს არაერთხელ დაუსვამს კითხვა, არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს პასუხები კითხვებზე, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა ქალბატონი სალომე, როდესაც შესაწყალებელთა სიაში მოხვდნენ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულები, ნარკორეალიზატორები... თუ ქალბატონი სალომე ვინმემ შეცდომაში შეიყვანა, მაშინ მან ეს უნდა თქვას. თუმცა, როგორც მისი ინტერვიუდან ირკვევა, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
ადრე ოპოზიციამ საპარლამენტო მდივანი, ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.
„თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, რომ პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს, ვფიქრობ, პრეზიდენტი ვალდებულია, გამოძიების ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
ნიღბები „ძალიან საშიში კინოდან": პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა >>
საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე შეუდგა გასამართლებულთა სკანდალური შეწყალების აქტის გამოძიებას. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
სკანდალი მაშინ დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალა რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ შეწყალებულთა შორის იყვნენ ასლან ბეჟანიძე, რომელიც გასამართლებული იყო 2004 წელს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის; ასევე ზურაბ ნადირაძე, გასამართლებული 1994 წელს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის. ამასთან, ბეჟანიძე მართლმსაჯულებას 12 წელი ემალებოდა, ნადირაძე კი – 23 წელი.
ორშაბათს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორი ნარკორეალიზატორის – 34 წლის ქალისა და 24 წლის მამაკაცის – შეწყალების აქტს. მამაკაცი უკვე გამოვიდა ციხიდან, ქალს კი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
სკანდალის ფონზე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ გასამართლებულთა შეწყალების მოქმედი წესები უნდა გადაიხედოს, და მორატორიუმი გამოაცხადა. მისი სიტყვებით, ახალ წესებზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იმსჯელებენ.
პატიმართა შეწყალება – პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული ერთპიროვნული უფლებაა.