პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმიანება

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და ეს ერთადერთ სწორ გზად მიაჩნია.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, გამოიძიოს პატიმრების შეწყალების რამდენიმე აქტის კანონიერება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა>>

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტის მიერ შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეზე. ამ დანაშაულისთვის მინიმალური სასჯელი ჯარიმაა, ხოლო მაქსიმალური – სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის სამი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ერთი კი ძებნილი იყო.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ უკვე გამოიძახა დეპუტატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ირმა ნადირაშვილი, რომელმაც თავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სკანდალურ შეწყალებასთან კავშირი აქვს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
შეწყალების საქმე: პროკურატურა პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს?

თავად პრეზიდენტმა გაბუნიას ჩარევა პატიმრების შეწყალების პროცესში უარყო და განაცხადა, რომ მისგან რჩევები არ მიუღია, რომ ეს გაბუნიას კომპეტენცია არაა და ის არ შეიძლება ამ საქმეში იყოს ჩარეული, მით უფრო, როდესაც საუბარია ყოფილ ადვოკატზე.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამიტომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა. მიუხედავად ნებისმიერი რეკომენდაციისა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

სკანდალის ძირითადი მიზეზი გახდა სამი ადამიანის შეწყალება: რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, 2004 წელს 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, რომელიც 1994 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს. ამასთან, ბეჟანიძე მართლმსაჯულებას 12, ხოლო ნადირაძე – 23 წელი ემალებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0