თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ატეხილი სკანდალის გამო გადაწყვიტა დროებით აღარ გამოიყენოს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება.
კრიტიკის პირველი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ აგვისტოში შეწყალებულ პირთა შორის იყო 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძე. მოგვიანებით მასმედიამ გაარკვია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძეც.
„მე ადრეც გამოვედი ინიციატივით, რომ წესები გადაიხედოს და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ იქნას შემუშავებული. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გავიარეთ. ჩვენ ახალ წესებს იანვრიდან ვამზადებთ და ჩვენი ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა", – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ პარტიების წარმომადგენლები და შეიმუშავებენ შეწყალების ისეთ წესებს, რომელიც გამორიცხავს საზოგადოებაში ვნებათაღელვას.
„ამასთან ერთად, ვიდრე ეს წესები შემუშავდება, სიტუაციიდან გამომდინარე, მე შეწყალებაზე მორატორიუმს ვაცხადებ. ეს ჩემი, როგორც პრეზიდენტის სრული უფლებაა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბრიფინგის პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ახალგაზრდა აქტივისტები აქციაზე ამერიკული ფილმის „ძალიან საშიში კინოს" ნიღბებში და შავ ტანისამოსში გამოწყობილი მივიდნენ.