თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, უფრო სწრაფი და ინკლუზიურ ზრდის მხარდასაჭერად, მათ შორის განათლების რეფორმის წინსვლასთან დაკავშირებით, ნათქვამია თბილისში ვიზიტის შემდეგ მისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისს 2019 წლის 11-17 სექტემბერს ეწვია, რათა საქართველოში ბოლო ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობისას მიღწეული პროგრესი განეხილა.
„მთავრობამ საპენსიო რეფორმის შემდეგი ეტაპი უნდა დაიწყოს. ამასთან, კანონმდებლობის დროული მიღება, რომელიც გაკოტრებას და საბანკო რეგულირებას ეხება, გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და ფინანსური სექტორის მდგრადობას“, - ციტირებს სსფ-ი მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის სიტყვებს.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი ძლიერი რჩება. ნაკლებად ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, წინასწარი შეფასები გულისხმობს უფრო მაღალ ეკონომიკურ აქტიურობას 2019 წელს (ზრდა - დაახლოებით 5%), ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„მისია ადასტურებს 2019 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზს 4,6 პროცენტის დონეზე, ხოლო ინფლაცია 2019 წლის ბოლოს იგეგმება 5,4 პროცენტზე. ნავარაუდევია, რომ 2020 წელს ინფლაცია შემცირდება 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე, რადგან მონეტარული პირობები გამკაცრდება“, - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.
მისი პროგნოზით, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს თითქმის 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება მშპ-ს 6% -მდე.
„ექსპორტის და გზავნილების ზრდამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, მაგრამ ტურისტების შემოდინებამ ვერ გაამართლა პროგნოზები რუსეთის მიერ პირდაპირი რეისების აკრძალვის გამო. იმპორტი შემცირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მოთხოვნისა და ნავთობის ფასების შემცირების გამო, ასევე დაკრედიტების სტანდარტების გამკაცრების გამო", - აღნიშნა ვერა-მარტინმა.
როგორ გაუმჯობესდეს საქართველოს ეკონომიკა: სსფ-ის რეკომენდაციები >>
მისი აზრით, სიტუაციის გაუარესების გაზრდილი რისკების, მათ შორის მსოფლიო ვაჭრობის დაძაბულობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, სავალუტო რეზერვების დაცვა ხელს შეუწყობს სამომავლო პოტენციური შოკების გავლენის შემცირებას.
აგვისტოში წლიური ინფლაციის უფრო მაღალ მაჩვენებელზე - 4,9% - აისახა აქციზის გადასახადის ზრდა, სურსათის გაძვირება და ლარის გაუფასურება.
„მზარდი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სექტემბერში სათანადოდ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და შემდგომი ზრდა დააანონსა, თუკი ინფლაციური ზეწოლა გაგრძელდებოდა. მისია აღიარებს, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურება, შესაძლოა, აისახა ქართულ ოჯახებსა და საწარმოებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც სესხი უცხოურ ვალუტაში აიღო“, - განაცხადა სსფ-ის წარმომადგენელმა.
ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ გაცვლითი კურსის მოქნილობა საშუალებას აძლევს ეკონომიკას უფრო სწრაფად მოერგოს შოკებს და, შესაბამისად, კარგად ემსახურება ქვეყანას.
ექსპერტები: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კრედიტების გაძვირებას გამოიწვევს >>
სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 207,2 მილიონი დოლარი საქართველომ უკვე მიიღო.
დარჩენილ თანხას საქართველო წლის განმავლობაში მიიღებს, ორი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დამტკიცდა 2019 წლის ივნისში, მეხუთე მიმოხილვის მომზადება მოხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემდეგი ვიზიტის დროს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.