თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის ზრდის თაობაზე გამოიწვევს იმას, რომ გაძვირდება ქვეყნის ბანკებში მიღებული 98 ათასზე მეტი კრედიტი, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირდება. დღეს რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 0,5 პროცენტული პუნქტით – 7%-მდე.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამჟამად ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 98,3 ათასი სესხია გაცემული. კრედიტების საერთო რაოდენობამ 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
კრედისი სახეობა | რაოდენობა (ათასი) | მოცულობა (მლნ) | საშუალო განაკვეთი |
სამომხმარებლო | 27,1 | 626 | 14% |
იპოთეკური | 35,4 | 1563 | 9,02% |
ბიზნეს-კრედიტი | 32,1 | 2606 | 13,16%/10,5% |
ავტოკრედიტი | 0,85 | 0,013 | 18,8% |
უცნობი დანიშნულების | 2,9 | 238 | უცნობია |
„მიუხედავად იმისა, რომ ზრდას განაგრძობს ექსპორტის მაჩვენებელი და მზარდია ფულადი გზავნილების შემოდინებაც, ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ აღემატება სამიზნე მაჩვენებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ინფლაციაზე წნეხის შესამცირებლად მოსალოდნელი იყო", – აღნიშნულია განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ბოლო სამ თვეში ლარი აშშ დოლარის მიმართ 6,8%-ით გაუფასურდა. თუ 4 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი იყო 2,7793 GEL/$1, 4 სექტემბერს ეს კურსი უკვე 2,9683 GEL/$1-ია.
უფრო ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლარის მცურავი კურსის პირობებში პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.