თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბოლო სამ თვეში ლარი აშშ დოლარის მიმართ 6,8%-ით გაუფასურდა. თუ 4 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი იყო 2,7793 GEL/$1, 4 სექტემბერს ეს კურსი უკვე 2,9683 GEL/$1-ია.
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 0,5 საპროცენტო პუნქტით – 7%-მდე.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
უფრო ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლარის მცურავი კურსის პირობებში პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.