თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს მოუწოდა, დროულად აიღონ ახალი ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებს ტაქსის დაყოფას „А" და „В" კატეგორიებად.
მერიის ინიციატივა: ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი >>
კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. გასული წლის ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი გულისხმობს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ორიდან ერთ–ერთი – „А" ან „В" – კატეგორიის ლიცენზიის აღებას.
„იწყება რეფორმის მეორე ფაზა და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია ტაქსის ლიცენზია აიღოს და შემდეგ ავტომობილის კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – „А" კატეგორიაში იყოს თუ „В"–ში. რა თქმა უნდა, ავტომობილი ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს“, – განაცხადა კალაძემ.
პირველ ოქტომბრამდე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიაში, არამედ ათივე გამგეობაში განთავსებულ სერვისცენტრებს, აღნიშნა კალაძემ.
„გასულ წელს იყო ასეთი შემთხვევა, რომ ტაქსების რეფორმის პირველ ეტაპზე მსურველების უმრავლესობა იუსტიციის სახლში ბოლო დღეებში მივიდა, სადაც საოცრებები ხდებოდა. ამიტომ, მსურველებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ არის 11 სერვისცენტრი – ათი გამგეობაში და ერთი მერიაში, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ, ლიცენზია მიიღოთ და თქვენი ავტომობილი კატეგორიად დაყოთ. დღეს უკვე 18 სექტემბერია და ჩემი თხოვნა იქნება, არ გადადოთ. დროულად მობრძანდით და მიიღეთ ლიცენზიები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რას ნიშნავს კატეგორიები?
„А” კატეგორიის ლიცენზია დაწესებულია მათთვის, ვისთვისაც ტაქსის მძღოლად მუშაობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. მათი მანქანები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მგზავრების ჩასმა მანქანაში მათ შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით ტაქსის სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით.
„А“ კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი შეძლებენ მანქანაზე რეკლამის განთავსებას, უფასოდ ისარგებლებენ ავტოსადგომებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ადგილებით. დღეს თბილისში 300 ასეთი ავტოსადგომია და ჯერ იქ მანქანის გაჩერება ყველა ტაქსის მძღოლს შეუძლია.
„В“ კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს ტაქსის მძღოლებად მუშაობა შეუძლიათ ნებისმიერი ფერის მანქანით, მაგრამ მათ არ ექნებათ რაიმე ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრების ქუჩიდან „აყვანის“ უფლება. ეს მძღოლები იძულებული იქნებიან, მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან იმუშაონ.