მერიის ინიციატივა: ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

გამოწერა
QR კოდი „საქართველოს ბანკის" აპლიკაციის მეშვეობით მარტივად ფუნქციონირებს, რომლის გადმოწერაც სმარტფონებშია შესაძლებელი

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდა თბილისში სპეციალური QR-კოდის მეშვეობით გახდება შესაძლებელი, რისი წყალობითაც ტაქსისტებს დედაქალაქში ხურდის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემა აღარ ექნებათ, განაცხადა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძე: ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ჩასანაცვლებლად იაფ სესხს მისცემენ>>>

კლიენტები შეძლებენ მგზავრობის საფასური ნაღდი ფულის გარეშე, სმარტფონების მეშვეობით გადაიხადონ А კატეგორიის ტაქსებში. QR–კოდის მისაღებად მძღოლებმა „საქართველოს ბანკის" ფილიალებს უნდა მიმართონ.

„ტაქსით მგზავრობის დროს ხურდის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. აღნიშნული კოდი კი, რომელიც А კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს გადაეცემა, პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა მას ჩაერიცხება. ამ გზით, მძღოლი ერთგვარ საბანკო ისტორიასაც შეიქმნის", – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, QR კოდი „საქართველოს ბანკის" აპლიკაციის მეშვეობით მარტივად ფუნქციონირებს, რომლის გადმოწერაც სმარტფონებშია შესაძლებელი.

მთავარია, ყველასთვის კომფორტული იყოს - რას ამბობენ ტაქსის მძღოლები მერიის რეფორმის შესახებ? - Sputnik საქართველო
"მთავარია კომფორტი", – რას ფიქრობენ თბილისელი ტაქსისტები მერიის რეფორმებზე

„ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება კამერა, რომელიც QR კოდს აფიქსირებს. თავადვე მიუთითებ მგზავრობის თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრება და პირდაპირ ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშზე აისახება", – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0