თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ მოიპოვა გრან-პრი საერთაშორისო ფესტივალზე „მუსიკა და ზღვა", რომელიც ყოველწლიურად იმართება ბერძნულ ქალაქ პარალიაში ეგეოსის სანაპიროზე, ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.
ფერების ფესტივალი და დრამერების შოუ: მასშტაბური დღესასწაული – რუსთავქალაქობა >>
აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა პირველად მიიღო. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებს მისცენ შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი კულტურა და ტრადიციები, გაიცნონ და დაიმეგობრონ ახალი ადამიანები.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ფოლკლორული და საგუნდო ჯგუფები, ორკესტრები და ანსამბლები ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე. ფესტივალის მონაწილეებისთვის, პარალიის თვალწარმტაც სანაპიროზე ეწყობა ტურები, მათ აცნობენ ქალაქის ისტორიასა და კულტურას, უტარებენ სემინარებსა და ლექციებს.
თავისი გამარჯვება არტისტებმა საქართველოს მიუძღვნეს. მუსიკისა და ცეკვის VIII საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „მუსიკა და ზღვა" ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე 11-15 სექტემბერს გაიმართა.