თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქველმოქმედო ფესტივალი „რთველი" პირველად ჩატარდება მოსკოვის მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ტაძარში, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.
უფროსებსაც და ბავშვებსაც ამ დღეს საინტერესო გასართობი პროგრამა ელოდებათ ქართული ცეკვებითა და მრავალხმიანობით. სტუმრები შეძლებენ ფოტოგამოფენის დათვალიერებას, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, ასევე საკუთარი ხელით ჩურჩხელის დამზადებას.
ფესტივალზე დაგეგმილია ეროვნული პროდუქტების ბაზრობა. შესაძლებელი იქნება ტრადიციული ქართული სუნელების, ხელნაკეთი ჭურჭლის, სხვადასხვა ლიმონათის, საწებლების, თხილისა და სხვა პროდუქტის შეძენა.
ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებისთვის იმუშავებს საწნახელი. მსურველები შეძლებენ რეზინის ჩექმებით ყურძნის დაწურვას ძველი ხერხით. ეს ყველაფერი ქართული მელოდიების თანხლებით წარიმართება.
ამას გარდა, დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება თიხის ნაკეთობები, ქართველი ოსტატების სუვენირები, საქართველოდან ჩატანილი წიგნები, ხატები. ნაკეთობების გაყიდვიდან შემოსული თანხა ახალი ქვის ტაძრის აშენებას მოხმარდება.
ფესტივალი ტაძარში ლიტურგიის შემდეგ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება.