„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გირაოს გარდა, კახა დამენიას ქვეყნის დატოვება აეკრძალა, მისი დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, იუწყება პირველი არხი.

ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა >>

მოსამართლე ეკა კუკულაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე.

დამენიას დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მათი თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს და ის ქვეყანაში სწორედ სასამართლო პროცესისთვის დაბრუნდა. თავად დამენია ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბრალი წაუყენეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

„ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან თითიდან გამოწოვილი თემაა და ამას ყველა ნახავს, როდესაც დაიწყება არსობრივი განხილვა... არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ, ყველაზე მთავარი არგუმენტი – ბრალი წამიყენეს ისე, რომ არ ვიყავი საქართველოში, ვმკურნალობდი. შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ თეორიულად არსებობს საშიშროება მიმალვის და პრაქტიკაში გვაქვს ის, რომ შევწყვიტე მკურნალობა“, – განაცხადა დამენიამ.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საქმე: ზურაბ იაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

დამენიას ბრალი ედება „რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში. პარალელურად სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორ ზურაბ იაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა. იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდებები ყველა ამ მუხლით, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" მუხლით წარდგენილი აქვს „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ „რუსთავი 2"-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის" მრავალმილიონიანი მოგების მისაღებად პირობები შექმნა. 2015 წელს სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მას ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების ნებას აძლევდა. იმ წელს „რუსთავი 2"-ს 7,4 მლნ ლარის ოდენობის ზიანი მიადგა, „ინტერ მედია პლუსის" შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხი“ ეთერში გავიდა >>

„რუსთავი 2"-ს მფლობელი ივლისში შეეცვალა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ტელეკომპანია უკვე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, რომელიც გვარამიამ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებასა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს კი გვარამიამ მის წინააღმდეგ დევნა უწოდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2" ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.

ყველა ახალი ამბავი
0