თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო – 40 000 ლარი გადაიხადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გუშინ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.
„მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა“, – დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.
ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებდა.
ნიკა გვარამიას თქმით, მან გადაწყვეტილება მისი ოჯახისა და გუნდის გამო შეცვალა, რადგან ისინი ძალიან ნერვიულობენ შექმნილი სიტუაციის გამო.
პროკურატურა ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს >>
6 სექტემბერს კი პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ახალი ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.