08:11 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
183 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გვარამიას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა.

აგვისტოს დასაწყისში გვარამიას ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს, რადგან, როგორც გამოძიება ამტკიცებს, მან კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“ მიზანმიმართულად არ მოითხოვა „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დაახლოებით 6,8 მლნ ლარი. „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გვარამიას ახალ ბრალს ოფიციალურად 18:00 საათზე წარუდგენენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გვარამიას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის“ მრავალმილიონიანი მოგების მისაღებად პირობები შექმნა. 2015 წელს სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მას ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების ნებას აძლევდა. იმ წელს „რუსთავი 2“-ს 7,4 მლნ ლარის ოდენობის ზიანი მიადგა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი შეადგინა.

„რუსთავი 2“-მა მფლობელი ივლისში შეიცვალა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ტელეკომპანია უკვე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, რომელიც გვარამიამ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებასა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს კი გვარამიამ მის წინააღმდეგ დევნა უწოდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩეოდა.

მომავალ ორშაბათს მაუწყებლობას იწყებს ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელევიზია „მთავარი არხი“, რომელსაც ასეთივე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა ექნება.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს გვარამიას ბრალდებებს და აცხადებს, რომ მათ ინტერესებშია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა.

 

მთავარი თემები