თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია პირველი არხი.
არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგი გამართა და ირაკლი იმნაიშვილი თანამშრომლებს წარუდგინა.
„დღეს მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართველო. ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას და იძულებული გახდა, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებული წნეხის გამო, დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პროფესიონალი არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია ბიბისიში“, - განაცხადა სალიამ.
პაატა სალიას თქმით, ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობს.
„დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია“, – აღნიშნა სალიამ.
ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს, პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი" და „შიდა ომები" დაასახელა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის" ძირითადმა გუნდმა დატოვა. „რუსთავი 2“ ასევე დატოვეს რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების „შაბათის შუადღის“ და „კვირის სხვა შუადღის“ წამყვანებმა, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდმა და რეგიონულმა ჟურნალისტებმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სექტემბრიდან ვარაუდობს.
1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2"-ს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.