თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 8,4 ათას მოსწავლეზე გათვლილი 63 სკოლის მშენებლობა, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში.
მაია ცქიტიშვილი: ბინები ორი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა>>
ცქიტიშვილი, ისევე, როგორც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, კვირის დასაწყისში მოვალეობის შემსრულებელი გახდა, მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პარლამენტმა ახალი მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით კვირას უნდა დაამტკიცოს. მის მთავრობაში ორი ახალი მინისტრი იქნება – შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
ცქიტიშვილის განცხადებით, წელს დაწყებული კაპიტალური რემონტი ორი წლის განმავლობაში 87 სკოლაში დასრულდება.
წელს პირველად მუნიციპალიტეტებმა საკუთარ თავზე აიღეს მცირე სარემონტო სამუშაოები სკოლებში, რომელთა საერთო ღირებულებაა 20 მლნ ლარი. ამგვარად, 642 სკოლაში კეთილმოწყობილი იქნება საბაზო ინფრასტრუქტურა. დღემდე ყველა სამუშაოს სამინისტრო აწარმოებდა.
რაიონული და ქალაქის მერიები შემდეგაც გააგრძელებენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მეტიც, ისინი თვითონაც შეძლებენ მცირე ზომის სკოლების აშენებას.
განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო დროს საქართველოში 27 ახალი სკოლა აშენდა, აქედან ორი – თბილისში; რემონტი დასრულდა 141 სკოლაში, ხოლო 884-მა სკოლამ მიიღო თანხა, რომ თვითონ იზრუნოს საკუთარ თავზე.
საქართველოში დღეს 2084 სკოლა ფუნქციონირებს.