თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გიორგი გახარიას მომავალმა მემკვიდრემ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარების პირობა დადო, რათა ქვეყანაში ამაღლდეს უსაფრთხოების დონე და დანაშაულის გამოძიების ეფექტურობა.
„ჩვენ ვგეგმავთ უწყების სისტემურ განახლებას, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, არსებით და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება დაფუძნებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, როგორიცაა საპოლიციო მუშაობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტურობა", – განაცხადა გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მისი სიტყვებით, მთავარი სიახლე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, კერძოდ, საგამოძიებო ნაწილში იქნება.
„კრიმინალური პოლიციის რეფორმა ითვალისწინებს საგამოძიებო და ოპერატიული მუშაობის გაყოფას და რაიონებში მუშაობას... რეფორმის მიზანი გამოძიების პროცესში გამომძიებლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტურობაა", – განაცხადა გომელაურმა.
იგეგმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განახლება. გარდამავალ პერიოდში კი ცენტრალურ დონეზე გაჩნდება გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი.
„სამინისტროში შეიქმნება დაზარალებულებისა და მოწმეების კოორდინატორის სამსახური, რომლის ფუნქციაც იქნება ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა", – განაცხადა გომელაურმა.
კოორდინატორის სამსახურის საპილოტე პროექტი უკვე ამოქმედდა თბილისსა და რუსთავში.
გამომძიებელთა მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ ხელისუფლებაში მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც დანაშაულის სტატისტიკის ზრდა დაიწყო. თუმცა, ეს ზრდა აიხსნება იმით, რომ თავად სტატისტიკა გაუმჯობესდა.
იანვრიდან ივლისის პერიოდში დაახლოებით 38,8 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მესამედზე მეტი ქურდობაა. დანაშაულის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,2% შეადგინა, გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელმა – 32,3%.
საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა კვირას უნდა გამოუცხადოს. გომელაური ჯერჯერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უდგას სათავეში.