თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებამ რიგგარეშე შეხვედრაში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლები დაარწმუნეს იმაში, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და მზად არიან ყველა ზომა მიიღონ დაძაბულობის მოსახსნელად, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
შეხვედრა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში ერგნეთში გუშინ გამართული მოლაპარაკებები ჩაიშალა. მიზეზი ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში, ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული პოლიციის საგუშაგო გახდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ბლოკპოსტის აღება პარასკევს, 06:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოსახლეობის დასაცავად ზომების მიღებით დაიმუქრნენ. დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ეს პოსტი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სამხრეთოსური დასახლებიდან ეს საგუშაგო 240-250 მეტრში მდებარეობს, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე დაახლოებით ორი კილომეტრია.
„მათ განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკპოსტი განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენ კითხვებზე, რომელიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ, დე–ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. ბლოკპოსტი რჩება ამ ადგილზე და ჩვენი ბიჭები აგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას ისევე როგორც აქამდე ახორციელებდნენ“, – განაცხადა ბორცვაძემ.
კომენტარი გააკეთა შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ – საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ.
„მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯები... ეს სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ დღეიდან შევუდგებით“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მხარეები მომავალ კვირაში ერგნეთში კიდევ ერთი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, დე–ფაქტო ხელისუფლება ბლოკპოსტის საკითხთან დაკავშირებით დათმობას აპირებს.
„სოფლის მთელ პერიმეტრზე ჩვენი მესაზღვრეები იდგებიან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საგუშაგო აიღონ. ჩვენი საზღვრები ყოველთვის დაცული იქნება. არაფერზე ინერვიულოთ, იცხოვრეთ მშვიდად... საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა ყოველთვის უკიდურესი უნდა იყოს“, – განაცხადა დე–ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა „გაიაზრებს სიტუაციის სერიოზულობას და ყველაფერს გააკეთებს არასტაბილურობის განსამუხტად“, რომელიც, მისი სიტყვებით, ოფიციალური თბილისის „დაუფიქრებელი ნაბიჯის“ წყალობით წარმოიშვა.
ამასთან, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანაში, რომელსაც საქართველო არ აკონტროლებს, გაჩნდება დე–ფაქტო ხელისუფლების ბლოკ–პოსტი.
საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.