ცხინვალის ე.წ. „საზღვართან“ შეხვედრა ჩაიშალა: მიზეზი - ქართული პოლიციის საგუშაგოა

© Sputnik / Alexander Imedashviliცხინვალის რეგიონი
ცხინვალის რეგიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჯილდაო ქვა სოფელ ერგნეთში შეხვედრისას ქართული პოლიციის საგუშაგო გახდა

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებს შორის ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მიზეზი ადმინისტრაციულ საზღვართან, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში გახსნილი პოლიციის საგუშაგო გახდა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ეს საგუშაგო წარმოადგენს საფრთხეს, რადგან „საგუშაგოდან სამხრეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტამდე 240-250 მეტრია, უახლოეს ქართულ დასახლებამდე კი - დაახლოებით ორი კილომეტრი“, - იუწყება სააგენტო „რესი“.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: „რუსეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას“

კოჩიევმა საქართველოს ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მას არ სურს საგუშაგოს აღება და არ ცდილობს დიალოგის სხვა კალაპოტში წარმართვას.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ხვალინდელი დღის 06:00-მდე პოსტის აღების პირობა წამოაყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მიღებული იქნება ყველა კანონიერი ზომა ჩვენი მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნა კოჩიევმა.

ანთაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმი მიუღებელია.

„აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე იყო ყოველთვის და ასე არის ახლაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით, საპოლიციო საგუშაგოს მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

 „ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გაგრძელდეს პროვოკაციები, რაც ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ოფიციალური თბილისის მოლაპარაკებების ორიდან ერთ-ერთი ფორმატია, რომლებიც ევროკავშირისა და ეუთოს შუამდგომლობით იმართება.

როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0