თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. 3 ათასი სააპელაციო განაცხადიდან 648 შემთხვევაში აბიტურიენტების შეფასება შეიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებაზე დაყრდნობით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების აპელაციის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
სოფიო გორგოძის განცხადებით, 648 აბიტურიენტიდან, ვისაც ქულა შეეცვალა, უმეტეს შემთხვევაში ეს ქულა გაეზარდა, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა ქულა შემცირდა.
გარდა ამისა, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს აბიტურიენტებს, ქულების გათანაბრებისა და აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ აუცილებლად შეამოწმონ საკუთარი შედეგების გვერდი.
რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ზოგადი უნარების გამოცდებზე – ცნობილი გახდა შედეგები>>
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება კი ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 23 აგვისტოდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გამოცდების ცენტრი ასევე მიუთითებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისთვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.
საქართველოს მასშტაბით არსებულ 22 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2–26 ივლისს ჩატარდა.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12 300-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 ათასამდე აპლიკანტი.