თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მაღალ დონეზე ჩატარდა, განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ 2019 წლის გამოცდების შეფასებისას.
ბატიაშვილი: აბიტურიენტები აფხაზეთიდან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან>>
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტრატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა დაახლოებით 95% გამოცხადდა... მინდა ვთქვა, რომ აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე იყო მართლაც სამაგალითო", – განაცხადა გორგოძემ ბრიფინგზე ოთხშაბათს.
იყო რამდენიმე შემთხვევაც – აბიტურიენტებმა გამოცდაზე მობილური ტელეფონები შეიტანეს. მათ სთხოვეს, რომ საგამოცდო ცენტრი დაეტოვებინათ, აღნიშნა გორგოძემ.
რაც შეეხება შედეგებს, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოდან იგეგმება. გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები იქნება.
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა. სამაგისტრო გამოცდებზე დაახლოებით 12 ათასი კანდიდატი დარეგისტრირდა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი დაახლოებით 4,6 ათასმა გამოთქვა.
წელს აბიტურიენტებმა კვლავ ოთხი გამოცდა ჩააბარეს. აქედან სამი – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა - სავალდებულო იყო, ხოლო ერთი საგანი არჩევითი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.