თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ზემძიმე რაკეტა „ენისეი“, რომლის დანიშნულებაც მთვარეზე ფრენების განხორციელებაა, დაახლოებით ოთხჯერ უფრო იაფი იქნება ამერიკულ ანალოგზე, განაცხადა „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა.
„ამერიკელებიც მუშაობენ იმავეზე... ჯერჯერობით, ჩვენი გათვლებით, რუსული ზემძიმე რაკეტა დაახლოებით ოთხჯერ უფრო იაფი იქნება“, – განაცხადა მან საგანმანათლებლო ფორუმ „მაშუკი 2019“-ზე ვიზიტის დროს.
გენერალური დირექტორის თქმით, „ენისეის“ აგება რუსეთს 700-750 მლრდ რუბლი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით პროექტი „ენისეი“ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. რაკეტის შექმნა 2030 წლამდე იგეგმება ფედერალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია.
გარდა ამისა, პროგრამა ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო ხომალდისა და მთვარეზე დასაჯდომ-ასაფრენი კომპლექსის აგებას.