თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში უმსხვილესი ბანკის TBC Bank–ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და მისი ბიზნეს–პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღა, დაწერა Facebook –გვერდზე ხაზარაძემ.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს თანხების გათეთრება ედებათ ბრალად. ივლისის ბოლოს სასამართლომ თითოეულ მათგანს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.
„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს–პროექტის, მათ შორის, ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება“, – დაწერა ხაზარაძემ.
ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს.
ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებს გაჩერებას.
„ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“, – განაცხადა მან.
სისხლის სამართლის საქმის დეტალები
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 754 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
ბანკს არ მოუთხოვია თანხის უკან დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.