თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. დამოუკიდებელი ტელეკომპანია TV Pirveli-ის მფლობელს და „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი M"-ის ერთ-ერთ მეწილეს ვატო წერეთელს არ ახსოვს 2008 წლის გარიგების დეტალები, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
TV Pirveli-ს მფლობელის გამოკითხვა: სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური ქვეტექსტი >>
ხუთშაბათს წერეთელი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. კერძოდ, საქმე უკავშირდება წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს ფულის გათეთრების შესახებ, რომელშიც „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ.
„ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მან დაადასტურა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა წერეთლის საუბრების ფარულ მოსმენას ახორციელებდა.
ამავე დროს პროკურორმა თავი შეიკავა პასუხისგან კითხვაზე იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ამ საქმეზე ბრალდება კიდევ სხვა პირს წარედგინოს.
„რაც შეეხება კითხვას, სამართლებრივად არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება რა მოხდება და როგორ მოხდება და ასეთი პროგნოზების გაკეთება არის შეუძლებელი“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ამასთან თავად ვატო წერეთელმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ გამომძიებლები „ნადირობენ“ მის მამაზე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელზე, რომელიც ხაზარაძის მეგობარია.
სისხლის სამართლის საქმის დეტალები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვატო წერეთელი არის „სამგორი ტრეიდის" 50%-იანი წილის და „სამგორი მ"-ის 20%-იანი წილის მფლობელი.
2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
ბანკს არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
პარალელურად, „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოთ ხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.